ინვესტორი ენდრიუ ლეფტი, რომელიც ანალიტიკური კომპანია Citron Research-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის.
მისი განცხადებით, სარჩელი ეხება მასკის მხრიდან გასულ თვეს გაკეთებულ განცხადებას, Tesla-ს აქციების გამოსყიდვის შესახებ.
როგორც ტელეკომპანია CNBC იუწყება, სარჩელში წერია, რომ მასკის ამ განაცხადის მიზანი იყო კომპანიის აქციებით მანიპულირება საფონდო ბირჟებზე. ლეფტის აზრით, ილონ მასკმა მიზანმიმართულად გაავრცელა ეს ინფორმაცია, რათა დაებნია აქციონერი ინვესტორები.“ეს გავს თაღლითობის ქრესტომატიულ მეთოდს“, - აცხადებს ლეფტის ადვოკატი, მაიკლ კანტი.
„ვფიქრობთ, რომ მასკი ცდილობდა მანიპულირება მოეხდინა Tesla-ს აქციების ფასზე, არასანდო ტვიტერ განცხადებებით, რათა პირდაპირი ზიანი მიეყენებინა აქციების გამყიდველებისთვის, რომლებიც მათი ფასის დაწევაზე მუშაობენ“ - აცხადებს კანტი, თუმცა არ აკონკრეტებს რა ტიპის ზიანზეა საუბარი. ტელეკომპანიის ცნობით, ლეფტი სწორედ ერთ-ერთი ასეთი აქციონერია.
შეგახსენებთ, ილონ მასკმა Tesla-ს აქციების სრულად ამოსყიდვის შესახებ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, თუმცა მას შემდეგ რაც ის მწვავედ გააკრიტიკეს აქციონერებმა, ამ განზრახვაზე ხელი აიღო და თქვა, რომ კომპანია კვლავ დარჩებოდა საფონდო ბირჟებზე. მის ამ განცხადებებს კი მოჰყვა ის, რომ კომპანიაში შევიდა მარეგულირებელი და გამოძიება დაიწყო, თუ რატომ გაუჩნდა კომპანიის ხელმძღვანელობას სურვილი Tesla დახურული ტიპის კერძო კომპანიად ექციათ. მათ იმის შესწავლაც კი დაიწყეს, რამდენად ეკუთვნოდა მასკს ის განცხადება, რომელიც მან ტვიტერზე გამოაქვეყნა.
კოკა კვირკველია