ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, მარიამ გაბუნიას განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საქართველოს უდიდეს უპირატესობას ანიჭებს მსოფლიო ბაზრებზე.მისი თქმით, იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა, გაზრდილია ექსპორტი.
„2017 წელს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული, ექსპორტი 39 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როცა ზოგადად ექსპორტი 29%-ით გაიზარდა. ეს თვალსაჩინო მაჩვენებელია. ამასთან, საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზრები ის ქვეყნებია, რომელთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. ამ ბაზრებზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 75 პროცენტამდე მოდის,“ - განაცხადა მარიამ გაბუნიამ.
ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და დსთ-ს ყველა ქვეყანასთან, თურქეთთან.
მათივე ინფორმაციით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერა მიმდინარე წლის ივნისში, რომელიც სავარაუდოდ, ძალაში შევა 2018 წლის ბოლომდე.
„აღსანიშნავია, რომ დასრულების სტადიაზე საქართველო-ინდოეთის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის შედეგების საფუძველზეც მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ. ასევე, ისრაელის მხარესთან საქართველომ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების მემორანდუმს. რაც შეეხება იაპონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე, მამუკა ბახტაძემ წამოაყენა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. მარიამ გაბუნიას განცხადებით, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სრულიად განსხვავებულ საფეხურზე გადავა, როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ასევე უნიკალურ როლს და ფუნქციას სძენს საქართველოს მსოფლიო რუკაზე. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ჩვენს მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისების საშუალებას მისცემს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.