სასკოლო ციებ-ცხელება უკვე შეინიშნება დედაქალაქში, მშობლები აქედანვე იწყებენ შვილების სასწავლო წლისთვის მომზადებას, თუმცა ეს ყველაფერი უფრო სურვილია, ვიდრე ქმედება.
დღევანდელი სოციალური ფონის გათვალისწინებით ადამიანებს ძალიან უჭირთ სასკოლო ხარჯთან გამკლავება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ფინანსური პრობლემები მტკივნეულია სტუდენტებისა და მათი მშობლებისთვისაც. უნივერსიტეტის გადასახადი, ბინის ქირა და სხვა ხარჯი, რომელიც განათლების მიღების პროცესს თან სდევს, ზოგიერთი ოჯახისთვის გაუსაძლისი გახდა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ხოლო ბავშვის სასკოლო ნივთებითა თუ ტანსაცმლით უზრუნველყოფას რამდენიმე ასეული ლარი სიჭრდება, ცხადი გახდება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სასწავლო წლის დაწყება დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. უარეს პირობებში არიან მშობლები, რომლებსაც ორი ან სამი ბავშვი დაჰყავთ სკოლაში, თუმცა უკეთეს დღეში არც ის კატეგორიაა, ვისაც სტუდენტები ჰყავთ.
ნინო იობაძე 46 წლის პედაგოგია. მისი ერთი შვილი სკოლის მოსწავლეა, მეორე კი წელს სტუდენტი გახდა. როგორც ნინო "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, წელს განსაკუთრებით იგრძნო ფინანსური ტვირთი.
„საჯარო სკოლაში დამყავს ჩემი შვილი, მეორეც იქ დამყავდა, ანუ იმ სკოლაში, სადაც თავად ვმუშაობ. წიგნები გვირიგდებოდა, რვეულების ყიდვას კი მარტივად ვახერხებდი და სხვა ინვენტარისაც, რაც ბავშვებს სჭირდებოდათ. გოგონებს შორის ორი წელია განსხვავება და ერთმანეთის ტანსაცმელსაც მარტივად ირგებდნენ.
წელს ვითარება შეიცვალა. ჩემა უფროსმა შვილმა უნივერსიტეტში ჩააბარა და წინასწარი გადასახადი 1100 ლარზე მეტი აღმოჩნდა. ახლა კი მივხვდი, რომ სტუდენტისა და სკოლის მოსწავლის ერთად მოვლა არის ძალიან რთული, მით უმეტეს, როდესაც მე და ჩემი ოჯახი საშუალო ფენის წარმომადგენლები ვართ. აშკარაა, როგორ უჭირთ მათ, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.
ძალიან ბევრი რამაა საჭირო - ტანსაცმელი, ინვენტარი, სტუდენტს ზედმეტი სახარჯო ფულიც უნდა. სკოლის მოსწავლე 3 საათის მერე სახლშია, სტუდენტები კი თითქმის მთელი დღე გარეთ არიან და საკვები სჭირდებათ. უკვე ვხვდები, რა სირთულეებთან მომიწევს გამკლავება, განათლება ამ ქვეყანაში ნამდვილად ძვირი ჯდება.
ყველა ვერ იღებს სახელმწიფო გრანტს. მესმის სახელმწიფოს პოზიციაც, მაგრამ ვფიქრობ, ზედმეტად ძვირი ღირს ზოგიერთი ფაკულტეტი და თუ ოდნავ მაინც შეამცირებენ სწავლის გადასახადს – თუნდაც 300-500 ლარით - იდეალური იქნება", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას ნინო იობაძემ.
მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს საზაფხულო არდადეგებიც, რადგან მნიშნელოვან ხარჯთან არის დაკავშირებული და თადარიგის წინასწარ დაჭერა არც ისე ადვილია. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ სასკოლო ინვენტარისა და ტანსაცმლის ფასები, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად არის გაზრდილი. ამ ხარჯს ემატება უცხო ენის წიგნების შეძენაც, რაც არც სკოლებში რიგდება და არც უნივერსიტეტებში. ეს კი ოჯახისთვის მძიმე ტვირთია.
თამარ სირბილაძე სოციალურად დაუცველი სამი შვილის დედაა. იგი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას საგანმანათლებლო კუთხით ნამდვილად იღებს, თუმცა სასექტემბრო ხარჯთან გამკლავება მაინც ძალიან უჭირს:
„ჩემი უფროსი ბიჭი სტუდენტია. იმის გამო, რომ ჩვენი ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, სახელმწიფო უნივერსიტეტის გადასახადს სრულად გვიფინანსებს. მომდევნო ორი კი სკოლის მოსწავლეა. საბოლოო ჯამში, ძალიან მიჭირს სამი შვილის უზრუნველყოფა სხვადასხვა საჭირო წვრილმანით. ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი, ვისაც უზომოდ უჭირს, თუმცა იმის გამო, რომ საცხოვრებელი პირობები ნორმალური აქვთ, სოციალურად დაუცველის სტატუსს ვერ იღებენ.
წელს ყველაფერი გაძვირებულია – საწერი კალმებიდან დაწყებული, წიგნებზე გადასაკრავით დამთავრებული. ამას გარდა, არც ერთ დედას არ უნდა, პირველ დღეს ბავშვი სკოლაში ძველი ტანსაცმლით მიიყვანოს და ყველა ცდილობს ახლის შეძენას. ამ დროს ბაზარში ყველაფრის ფასი გასამმაგებულია.
სასკოლო ჩანთის ფასი ხომ საერთოდ კატასტროფულია – 50 ლარი მაინც ღირს ისეთი, რომელიც შუა სემესტრში არ გასკდება და სიმძიმეს აიტანს. წელიწადში ორჯერ კი არა, ერთხელ ძლივს ვყიდულობ ჩანთას და ვცდილობ, ნორმალური ხარისხისა იყოს.
უფროსი ბიჭი, რომელიც უნივერსიტეტში სწავლობს, უცხო ენის წიგნებს აქსეროქსებს, რაც მისთვის პრობლემა არ არის, მაგრამ პატარებისთვის მიწევს ყიდვა და საკმაოდ ძვირი ღირს. არ რიგდება სკოლაში და გადაქსეროქსებასაც არ ექვემდებარება. მეც ვცდილობ, რამენაირად ვუყიდო წიგნი, მაგრამ რამდენს უნდა გავწვდე?" - აღნიშნა „რეზონანსთან" თამარ სირბილაძემ.
წლებია, სასწავლო წლის დაწყებას მსგავსი პრობლემები ახლავს, თუმცა იმის ნაცვლად, რომ წლიდან წლამდე პრობლემებმა და გაჭირვებული ადამიანების რიცხვმა იკლოს, პირიქით, მატულობს. ყოფით პირობებთან გამკლავება დღითი დღე ძნელდება.
თეო გუდავაძე
გაზეთი „რეზონანსი"