ზედამხედველობის სამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე კლდე ისევ ჩამოიშალა

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-ში კლდე ისევ ჩამოინგრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე საპატრულო პოლიცია და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და მათი ინფორმაციით, კლდე არ ჩამოშლილა.

როგორც ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, ყიფიანის ქუჩაზე კედლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. რაც შეეხება მშენებლობის გაგრძელებას, მათივე განმარტებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ყიფიანის ქუჩის 35ბ ნომერში კლდე მიმდინარე წლის 31 მაისს, სასტუმროს მიმდინარე მშენებლობის გამო ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა, მშენებარე კომპანიას კი მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა.