"ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ შევქმნათ ისეთი ადამიანური კაპიტალი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება 21-ე საუკუნესა და ციფრულ ეპოქაში"

ჩვენი ამოცანა არის, რომ განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სასტუმრო „რუმსში“ „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეკონომიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ძალიან ამბიციური ამოცანა, თუმცა რეფორმის შედეგად მიღწევადი.

„დღევანდელი კონფერენცია, რომლის თემაა შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში, ტექნოლოგიები სულ უფრო ვითარდება და ამას ძალიან ბევრი დადებითი ცვლილება მოაქვს. ამავე დროს, თავს იჩენს ახალი გამოწვევა - სწრაფ პროგრესთან სულ უფრო მცირდება ადამიანურ რესურსებზე მოთხოვნა. ეს არის გამოწვევა, რომელიც ზომების მიღებას საჭიროებს, რათა მომზადებული შევხვდეთ იმ პროცესებს, რომლებიც თან ახლავს ციფრულ ეპოქას. უმუშევრობა საქართველოსთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რომელსაც ჩვენი მთავრობა კომპლექსურად განიხილავს. დღეს, ჩვენი მთავრობისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმები. ჩვენი ამოცანაა და ვართ მთლიანად ფოკუსირებული იმაზე, რომ საქართველოში შევქმნათ ისეთი ადამიანური კაპიტალი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება 21-ე საუკუნესა და ციფრულ ეპოქაში. ჩვენი ამოცანა არის, რომ განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში. ეს არის ძალიან ამბიციური ამოცანა, თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რეფორმის შედეგად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ განათლება უნდა მოვარგოთ ახალ ეკონომიკურ გამოწვევებს“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ბევრი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ ციფრული ეკონომიკა გამოიწვევს გარკვეულ პროფესიებში სამუშაო ადგილების შემცირებას, მაგრამ ამავე დროს აუცილებლად იქნება მოთხოვნა ახალ პროფესიებზე.

„მხოლოდ კიბერუსაფრთხოების დარგში დღეს მსოფლიოში არის დაახლოებით სამი მილიონი სამუშაო ადგილი, რომელიც ვერ ივსება იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობენ შესაბამისი სპეციალისტები. სწორედ ასეთ პროფესიებზე და ასეთ შესაძლებლობებზე იქნება მორგებული ჩვენი განათლების რეფორმაც. ჩვენთვის მთავარია ქვეყანაში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ინკლუზიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ციფრული ტექნოლოგიები იძლევა ამის უნიკალურ საშუალებას“, - განაცხადა ბახტაძემ.