Toyota 1 მილიონზე მეტ ჰიბრიდულ ავტომობილს იაპონიიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროპიდან და სხვა რეგიონებიდან გაიწვევს.Reuters-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ძრავში ელექტროგაყვანილობის პრობლემაა, რომელსაც სავარაუდოდ, ხანძრის გამოწვევა შეუძლია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, გაიწვევს თუ არა კომპანია ავტომობილებს საქართველოდანაც? ”ტოიოტას” ოფიციალურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ შესამოწმებელი მანქანების სიაში მთელი კავკასიის რეგიონის მასშტაბით, „ტოიოტას“ ოფიციალური დილერების მიერ გაყიდული 97 ავტომობილი მოხვდა.
„ტოიოტა კავკასიას“ განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია უკვე გადაეცა მათ დილერებს, რომლებიც უახლოეს დროში ავტომობილების მფლობელებს დაუკავშირდებიან, შემდგომი უფასო შემოწმებისა და საჭიროების შემხვევაში შესაბამისი სამუშაოების ჩატარების მიზნით.
ცნობისთვის, საუბარია იმ ავტომობილებზე, რომლებიც იაპონიაში 2015 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისამდე გამოუშვეს.
„ცოტა ხნის წინ კომპანია „ტოიოტამ“ მსოფლიოს მასშტაბით მართლაც გაავრცელა ინფორმაცია გარკვეული ავტომობილების „სერვისის სპეციალური კამპანიის“, ე.წ. „რიქოლის“ შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში „რიქოლი“ შეეხო 2015-2018 წლებში წარმოებული პრიუსის და С-HR-ის ჰიბრიდულ მოდელებს. ამის მიზეზად ძრავის განყოფილებაში არსებულ ელექტროსადენებსა და ელექტროშეერთების ხუფს შორის ხახუნის შედეგად სადენების იზოლაციის შესაძლო დაზიანება დასახელდა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი არ არის მაღალი ძაბვის სადენებზე.
„ამასთან, გვსურს დამატებით განვმარტოთ, რომ „რიქოლის“ გამოცხადება უმრავლეს შემთხვევაში არ გულისხმობს მიმდინარე პრობლემის არსებობას, არამედ მიზნად ისახავს შესაძლო გაუმართაობის თავიდან აცილებას. მაგალითისთვის, ზემოთ მოყვანილ „რიქოლში“ მოხვედრილი, ანუ შესამოწმებლად განკუთვნილი, ავტომობილებიდან აღნიშნული პრობლემის არსებობის სავარაუდო მოსალოდნელი პროცენტი მხოლოდ 0.085%-ს შეადგენს. თუმცა „ტოიოტას“ გლობალური ფილოსოფიიდან გამომდინარე, ამ მინიმალური პროცენტის დასაზღვევად „შესაძლო“ გაუმართაობის თეორიული ალბათობის მქონე ყველა ავტომობილის „რიქოლი“ გამოცხადდა“,-განმარტავენ „ტოიოტა კავკასიაში“.
როგორც „ტოიოტა კავკასიაში“ აღნიშნავენ, მათი ოფიციალური დილერები უშუალო დაკავშირებას მხოლოდ იმ ავტომობილების მფლობელებთან შეძლებენ, ვინც მანქანა ოფიციალურ დილერთან შეიძინა. თუმცა, კომპანია „ტოიოტას“ გადაწყვეტილებით, დღეისათვის იმ მომხმარებელსაც, რომლის ავტომობილი შეძენილია მეორად ბაზარზე ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ასევე შეუძლია თავისი ავტომობილის უნიკალური VIN კოდის გამოყენებით გაარკვიოს, არის თუ არა მისი მანქანა „რიქოლის“ სიაში.
„ამისთვის, ის უნდა ეწვიოს ტოიოტას ოფიციალურ ვებ გვერდს („სპეციალური სერვისის კამპანიის“ განყოფილებას), გაეცნოს მასზე განთავსებულ ინფორმაციას ან გამოაგზავნოს თავისი ავტომობილის VIN კოდი ჩვენ ელექტრონულ მისამართზე. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აღმოჩნდება „რიქოლის“ გლობალურ სისტემაში, ავტომობილის მფლობელი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს საქართველოში ”ტოიოტას” ოფიციალურ დილერებს: ”ტოიოტა ცენტრ თბილისს” ან ”ტოიოტა ცენტრ თეგეტას” შემდგომი სერვისისთვის“,-აცხადებენ კომპანიაში.