“რეზონანსი” - "ქართულმა ოცნებამ" "ნაცმოძრაობის" რეპრესიული ჯარიმები უფრო გაამკაცრა

საჯარიმო სანქციები დღითი დღე მკაცრდება და უკვე რეპრესიულ სახეს იღებს, თანაც ისე, რომ საჯარიმო თანხის რაოდენობა მატულობს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის.არაფერს ვამბობთ ბიზნესზე, სადაც სანქციები ასევე გამკაცრდა. ბიზნესისთვის ეს საკითხი, შესაძლოა, ნაკლებად მტკივნეულია, მაგრამ ძალიან მძიმე ტვირთია სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის, რომელიც ყოველდღიური ხარჯის გამკლავებასაც ვერ ახერხებს.

როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს, ბოლო თვეებში ჯარიმების შემოღების ინტენსივობა ადასტურებს, რომ ხელისუფლება რეპრესიული ჯარიმების პოლიტიკის გზას ადგას, რითაც საბოლოოდ მოსახლეობა ზარალდება. "ნაციონალური მოძრაობის" სამართლებრივ მემკვიდრეობას, როგორც ჩანს, "ქართული ოცნებაც" უცვლელად აგრძელებს. ზოგ შემთხვევაში ისეთსაც, რომელიც არჩევნებამდე უღირსად მიაჩნდა და წინა ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდა.

სპეციალისტების შეფასებით, სხვადასხვა ტიპის სანქციების დაწესება გადამეტებული ქმედებაა, რამაც მოწესრიგების ნაცვლად შეიძლება პრობლემა შექმნას. სამართლის სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი ფიქრობს, რომ ჯარიმების არათანაბრობა დისკრიმინაციულია და მოქალაქეების გაღიზიანებას იწვევს.

"ჯარიმა, როგორც წესი, არის პრევენცია, რომ მოქალაქე კანონის მიმართ მორჩილი გახდეს. ამ მხრივ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ მათი კატეგორია და ზომა გაუგებრობას იწვევს. ზოგ შემთხვევაში არის სანქციები, რომლებიც უნდა იყოს მართლზომიერი, თანაფარდი და ასატანი, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ზომიერება დარღვეულია.

ასეთი არათანაბრობა თუ იარსებებს, გვექნება დისკრიმინაციული მომენტი, რადგან ზოგ შემთხვევაში ჯარიმა ყველა ადამიანზე ვრცელდება, იმისდა მიუხედავად, რა შემოსავალი აქვს და არის თუ არა ერთი და იგივე სოციალური ფენის წარმომადგენელი. მოქალაქეების აშკარა გულისწყრომასა და გაღიზიანებას იწვევს, როცა მაღალი ჯარიმა მოწყვლად ფენას ეხება.

ბოლო პერიოდში ჯარიმები მომეტებულად წესდება, ამ მხრივ კი თბილისის მერია აშკარა ლიდერია, რომელმაც შემოიღო ჯარიმებთან დაკავშირებით გარკვეული სიახლეები და ამავე დროს არსებული სანქციები გაზარდა. აშკარად გადაამეტეს და ასეთი მიდგომა უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე პრობლემის მოსაგვარებლად გამიზნული ქმედება", _ აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩარგეიშვილმა და დასძინა, რომ სანქციების გამკაცრებამ, შესაძლოა, ინვესტორები დააფრთხოს.

იურისტს მხედველობაში აქვს გარე რეკლამასთან დაკაშვირებული საკითხი, სადაც ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 6000 ლარია.

"ჩემი ყურადღება განსაკუთრებით რეკლამასთან დაკავშირებულმა სანქციებმა მიიქცია და ამაზე შევჩერდები. ამ შემთხვევაში სხვადასხვა კატეგორიაა გასათვალისწინებელი _ აბრა, მანიშნებელი, უშუალო რეკლამა, ფირნიში და ა. შ. სარეკლამო ურთიერთობას ისედაც ბევრი ხარვეზი ახლავს და ჯარიმების შემოღებით უფრო ქაოსური გახადეს, თუმცა მესმის, რომ ეს სფერო უნდა მოწესრიგდეს.

ახლა ინვესტორისთვის გაუგებარია, რა სამართლებრივი კონსულტაცია მიიღოს და ვისგან, სად შეიძლება რეკლამის განთავსება და სად _ არა. არის საფრთხე, რომ ინვესტორმა საერთოდ თქვას უარი რეკლამის განთავსებაზე, რადგან ჯარიმა ძალიან გაბერილია, რაც გაურკვევლობის განცდას ამძაფრებს.

ბიუჯეტში ფულის მოზიდვას თუ ცდილობს ვინმე, ეს ძალიან სამწუხარო არგუმენტია. არ შეიძლება ჯარიმების ხარჯზე ბიუჯეტში თანხის მობილიზებაზე იყოს აქცენტი. ჯარიმა, როგორც წესი ემსახურება წესრიგის დაცვას და მიმართული უნდა იყოს დარგის განვითარებისკენ იმ სეგმენტში, სადაც წესდება. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ 6000-ლარიანი სანქცია დარგის განვითარებას ემსახურებოდეს", - ამბობს ჩარგეიშვილი.

ჯარიმები ეზრდებათ და უწესდებათ გარემოვაჭრეებს, ტაქსის მძღოლებსა და სხვა კატეგორიის საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებს (როგორიცაა თბილისის მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯება, სადაც სანქციები 4-ჯერ არის გაზრდილი), სატრანსპორტო საშუალებებით გარემოვაჭრეებს და სხვა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მთავრობის მხრიდან აგრესიული ჯარიმების შემოღება საბიუჯეტო დეფიციტის გადაფარვის არაკეთილსინდისიერი გზაა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის საზიანოდ იქნა შერჩეული.

სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი ჯარიმების მოზღვავებაში კორუფციის გარკვეული რისკსსაც ხედავს, როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, მთავრობისთვის პრინციპულად აუცილებელია, იყოს თანმიმდევრული და ამომრჩევლისთვის თავის დროზე მიცემული პირობა დაიცვას.

"ჯარიმებს სჭირდება სათანადო ადმინისტრირება, წინააღმდეგ შემთხვევშაი, იზრდება კორუფცია, სხვა რისკთან ერთად. მაგალითად, ვიმსჯელოთ გარევაჭრობაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, მრავალმხრივად სოციალური საკითხია. ადამიანი ვაჭრობს უნებართვოდ იმსითვის, რომ ელემნეტარულად, თავი გადაირჩინოს. ცდილობს, არ ჰქონდეს დამატებითი ხარჯი, რაც უღირთ მომხმარებლებსაც, რომლებიც ასევე არ არიან სოციალურად წელში გამართულნი.

ამას უნდა ვებრძოლოთ და არა ვიღაც დავაჯარიმოთ. არ გამოვრიცხავ, რომ გაჩნდეს კორუფციის რისკიც, ვიღაცას წაუცდება ხელი და მიიღებს დამატებით სარგებელს. ამ შემთხვევაში მთავრობას ვურჩევ, რომ საკუთარი დაპირება (წინასაარჩევნო) და სამთავრობო პროგრამაში გაცხადებული პოზიცია დაიცვას, პირველ რიგში, იყოს თანმიმდევრული, ყველა საკანონმდებლო ინიციატივაზე, თუ ახალი რეგულაციის შემოღებაზე ყოველთვის გაკეთდეს შეფასება, რაც არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს არ გაუკეთებია. ვურჩევ, ამომრჩევლისთვის მიცემული პირობა დაიცვას", - აცხადებს ალაფიშვილი.

განსხვავებული მოსაზრებისაა უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ბიზნესისგან აშკარად გამოყოფს სოციალურ სეგმენტს, სადაც ჯარიმების დაწესებას ეწინააღმდეგება.

"წვრილ მეწარმეებთან მიმართებით, როგორიცაა გარევაჭრობა, ტაქსი და სხვა, აბსოლუტურად სხვა მიდგომაა გამოსაყენებელი იმიტომ, რომ გარევაჭრობა შეიძლება იყოს ცივილიზებული ფორმით და ამას დიდი ხანია, ვითხოვთ. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ეს არის ბოლო სფერო, სადაც ადამიანებს დამოუკიდებლად შეუძლიათ დასაქმება.

ფიზიკურ პირებთან საკმაოდ მკაცრი მიდგომა აქვთ, სამაგიეროდ, ყოველნაირად უფრთხილდებიან მსხვილ ბიზნესს, მათთვის დაწესებული ჯარიმა სასაცილოცაა. ორმაგი სტანდარტის მომენტია აშკარად, რაც ადასტურებს, რომ მთავრობისთვის მთავარია არა გარემოზე, ჯანდაცვაზე ზრუნვა და სხვ ამნიშვნელოვანი ღონისძიება, არამედ მსხვილ მეწარმების დაცვა და ოლიგოპოლიეს გაძლიერება. ამ დროს ფიზიკურ პირებს ბოლომდე ებრძვიან სხვადასხვა მეთოდით და ჯარიმების გამოყენებითაც. სანქცია უნდა იყოს დარღვევის ადეკვატური და არა დამთრგუნველი ღონისძიება", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან"  ჩხარტიშვილი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"