გარემოს ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიო ეკონომიკაზე, 2030 წლამდე 26 ტრილიონი დოლარის დადებით კუმულაციურ ეფექტს იქონიებს, - ნათქვამია კვლევაში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის და კლიმატის გლობალური კომისიის დაკვეთით ჩატარდა.
კვლევის შედეგები აბათილებს შიშს, რომ ორგანულ საწვავზე უარის თქმა, მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს.
მაგალითისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შარშან განცხადა, რომ ის შეერთებულ შტატებს გამოიყვანს მსოფლიო კლიმატის პაქტიდან, რომელიც პარიზის შეთანხმების სახელით არის ცნობილი. მისი აზრით, ეს შეთანხმება აშშ-ის ეკონომიკას „უზარმაზარ ფინანსურ და ეკონომიკურ ტვირთად დააწვება“.
ამის საპირისპიროდ, მსოფლიო ეკონომიკის და კლიმატის გლობალური კომისია, რომელშიც მთავრობათა ყოფილი ლიდერები, ასევე წამყვანი ბიზნესმენები და ეკონომისტები მონაწილეობენ, ასკვნის, რომ არსებობს „უპრეცედენტო შესაძლებლობა“ იმისა, რომ მწვანე განვითარების დახმარებით, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და განვითარდეს ქვეყნების ეკონომიკები.
„ჯერაც არსებობს მოსაზრება, რომ გარემოში ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება, ძალიან ძვირი დაჯდება. ამ კვლევით ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ საპირისპიროს და ამ მცდარ მოსაზრებას სამუდამოდ ვასამარებთ“, - „როიტერსთან“ საუბრისას ამბობს კვლევის ავტორი ჰელენ მონფორდი.
კვლევის შესაბამისად, სუფთა ენერგიაში საზრიანი ინვესტიციებით, ქალაქების, კვების მრეწველობის, მიწის და წყლის რესურსების გამოყენების და მრეწველობის განვითარების შესაბამისი დაგეგმვით, მთელ მსოფლიოში 2030 წლამდე დაახლოებით 65 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს კი იმავე კვლევის მიხედვით, ეგვიპტის და ბრიტანეთის სამუშაო რესურსების ჯამური მოცულობის ტოლფასია.
რაც უფრო მნიშვნელოვანია, ენერგეტიკაში ქარის და მზის ენერგიით ორგანული საწვავით ჩანაცვლება, გამონაბოლქვით გამოწვეულ ნაადრევ სიკვდილიანობას 700 000 ათასი ერთეულით შეამცირებს. კვლევა ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ განვითარებულ ქვეყნებში, 2020 წლიდან ყოველ ტონა ნახშირორჟანგის გამონაბოლქვზე გადასახადი 40-80 დოლარამდე გაიზარდოს.
ყველა სიკეთესთან ერთად, ენერგეტიკის სფეროში რეფორმების სუბსიდირება, ნახშირორჟანგზე მაღალი გადასახადების გათვალისწინებით, მთავრობებს წლიურად 2.8 ტრილიონ დოლარს მოუტანს.
ამის საპირისპიროდ, პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება, გარემოში სათბურის ეფექტის მქონე აირების დაგროვების მთავარი მიზეზი არ არის. უფრო მეტიც, მას ქვანახშირის ინდუსტრიის განვითარება სურს. ის ამბობს, რომ 2015 წელს გაფორმებული პარიზის შეთანხმება, ამერიკას 2025 წლამდე თითქმის 2.7 მილიონ სამუშაო ადგილს დააკარგვინებს.
მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ მწვანე ინდუსტრიის განვითარება შეერთებულ შტატებს იმაზე მეტ სამუშაო ადგილს შესძენს, ვიდრე დაკარგავს. მასში მოყვანილია მაგალითი, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში, ქარის და მზის ენერგეტიკაში უკვე 476 000 ადამიანია დასაქმებული.
მერაბ ლორთქიფანიძე