აშშ-ის შრომის ბაზარი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტმა ქვეყანაში შრომის ბაზრის აგვისტოს სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც მოსალოდნლზე უკეთესია.

მართალია, უმუშევრობის პროცენტული დონე არ შემცირებულა, მაგრამ გაუმჯობესდა ანაზღაურება და ახალდასაქმებულთა რიცხვიც პროგნოზირებულზე უკეთესია.

შრომის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოში არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა (NFP) რიცხვი 201 000 ერთეულით გაიზარდა. ეს კი პროგნოზირებულ მაჩვენებელზე (191 000 ერთეული) მეტია. ამასთან, წინა თვის პირველადი მაჩვენებელი (147 000) დაზუსტების შემდეგ, 10 000-ით გაიზარდა.

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, ის კვლავ 3.9 პროცენტის დონეზეა, როგორც ეს ივლისში იყო. ბაზარი ელოდა, რომ ის 3.8 პროცენტამდე შემცირდებოდა.

საშუალო საათობრივი ანაზღაურება 0.4 პროცენტით არის გაზრდილი, რაც ივლისის მაჩვენებელსა და მოლოდინზე 0.1 პროცენტით მეტია. წლიური გადაანგარიშებით, სახელფასო ინფლაცია 2.9 პროცენტამდე გაიზარდა. ივლისში ეს მაჩვენებელი 2.7 პროცენტი იყო და პროგნოზით ცვლილება მოსალოდნელი არ იყო.

ამ ეტაპზე, სწორედ საათობრივი ანაზღაურების ზრდაა ის ძირითადი მაჩვენებელი, რომელსაც ფედრეზერვი, მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე მეტად ითვალისწინებს. ეკონომისტების გათვლებით, საათობრივი ანაზღაურების 3.0 პროცენტით ზრდა არის ის მაჩვენებელი, რომელიც ინფლაციის კონტროლირებად ზრდას უზრუნველყოფს.

კვირაში სამუშაო საათების საშუალო მაჩვენებელი 34.5 საათია, რაც ივლისის და საპროგნოზო მაჩვენებლებს უდრის. ამავდროულად, აგვისტოში კერძო სექტორშიც მოსალოდნელზე მეტი - 204 000 ახალი სამუშაო კონტრაქტი გაფორმდა. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი კი 3 000 ერთეულით შემცირდა.

ქვეყანაში შრომის უნარის მქონე მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი 0.2-ით, 62.7 პროცენტამდე შემცირდა. U-6 უმუშევრობის დონე, რომელიც ნაწილობრივ დასაქმებულებსაც (რომლებსაც დაბალი ანაზღაურება აქვთ) ითვლის, 7.5-დან 7.4 პროცენტამდე შემცირდა.

მერაბ ლორთქიფანიძე