ამერიკა რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებს

ამერიკელი კანონმდებლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ.

ეს იქნება კიდევ ერთი საპასუხო ქმედება იმისათვის, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩაერია და საერთაშორისო არენაზე ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებს. ამ ეტაპზე რუსეთის სახელმწიფო ვალის და კრემლის პოლიტიკასთან კავშირის მქონე ოლიგარქთა საკითხი განიხილება.

„სუვერენული ვალი და ოლიგარქების მიმართ ყურადღების გამახვილება - ეს ის ორი სფეროა, რომლებთან დაკავშირებითაც, ჩვენი რეაქციის გამკაცრება შეიძლება გამოიხატოს“, - ამბობს რესპუბლიკელი სენატორი მაიკ კრეიპო, რომელიც სენატის საბანკო კომიტეტს უძღვება.

კომიტეტს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების განსახილველად სამი სხდომა აქვს დაგეგმილი, რომელთაგან ორი უკვე გაიმართა. მათი დაგეგმვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის ჰელსინკის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. მაშინ ტრამპმა ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე ლაპარაკისგან თავი შეიკავა.

ამერიკის და დასავლეთის მხრიდან, სანქციების გაძლიერების მოლოდინის ფონზე, რუსული რუბლი ვარდნას აგრძელებს. ბრიტანეთის მიერ სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლის დეტალების გამოქვეყნების შემდეგ, რუბლი ბოლო ორწელიწადნახევრის მინიმუმამდე დაეცა.

საფრანგეთი, გერმანია, კანადა და შეერთებული შტატები მხარს უჭერენ ბრიტანეთის დასკვნას იმის თაობაზე, რომ სკრიპალები რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრების მიერ არიან მოწამლული და გამოაცხადეს, რომ ამის გამო შესაბამის ზომებს მიიღებენ.

ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა, რომელშიც რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები არიან გაერთიანებული, აგვისტოს დასაწყისში შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიზანსაც რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება წარმოადგენს. მიზეზი კი ამერიკის არჩევნებში ჩარევა, სირიაში ბაშარ ასადის მხარდაჭერა და ყირიმში განხორციელებული აგრესიაა.

რუსეთის ახალ სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ტრანზაქციების აკრძალვის გარდა, ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს რუსი პოლიტიკოსების და ოლიგარქების წინააღმდეგ, ასევე რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციებს და რუსული ურანის იმპორტს ზღუდავს.

მერაბ ლორთქიფანიძე