თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.ამ ეტაპზე ვებგვერდზე 229 მიმდინარე, 200 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 12 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ. მოქალაქე მერს ავტობუსებში ერთგვარი აუდიგიდის დანერგვას სთავაზობს, რომელიც მგზავრებს სხვადასხვა საინტერესო ადგილების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
"დიდი ხანია ერთი იდეა მაქვს. ნეტავ ვინმემ მოიპაროს. კარგი იქნებოდა, რომ თბილისის ავტობუსებში, მაგალითად 37 ნომერი, 61, 150, 88, 55, 44 და მსგავს ავტობუსებში, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილებში დადიან, დაამონტაჟონ დინამიკი, რომელიც მგზავრებს ქართულ (ზოგ შემთხვევაში ინგლისურ) ენაზე გააცნობს იმ ობიექტების ისტორიას, სადაც მოძრაობენ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, მიდიხართ თავისუფლებაზე და უცებ ვიღაც გიყვებათ, რომ აქ ოდესღაც იდგა ქარვასლა, რომ ის იყო ყოფილი პოლიციის შენობა, რომ აქ გადიოდა ხევი და ა.შ. ხო მაგარია? ამას არც დიდი ფინანსები სჭირდება და არაფერი. უბრალოდ აუდიოგიდის მსგავსად ჩაწერ ერთხელ და სულ ატრიალებ,"-აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა მიმდინარე წლის 6 ნოემბრამდეა.