3 ფერმერი ქალის ბიზნესის ბედი ამჯერად უკვე მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისის პასუხზეა დამოკიდებული.საქმე ეხება ავტომაგისტრალს, რომელიც მარნეულის რაიონში იმ ტერიტორიაზე უნდა გავიდეს, სადაც ფერმერებს კენკრის ბიოპლანტაცია აქვთ გაშენებული. როგორც ფერმერი თეა ქუთათელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მხოლოდ მსოფლიო ბანკის ჩარევის შემდეგ გადაწია გზა 61 მეტრით, თუმცა მიაჩნია, რომ მეურნეობის დასაცავად ეს საკმარისი არ არის. ამიტომ, ფერმერმა ქალებმა მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისს მიმართეს ოფიციალური წერილით, სადაც სთხოვენ ჩატარდეს საფუძვლიანი კვლევა, რა ზემოქმედება ექნება ამ მაგისტრალს გარემოზე. ფერმერი ქალები ითხოვენ, რომ მოხდეს ავტომაგისტრალისგან ბიომეურნეობის დაცვა 8 ზოლიანი ქარსაცავით და ლითონის კედლის კონსტრუქციით.
თეა ქუთათელაძის თქმით, მსოფლიო ბანკისგან პასუხს სავაუდოდ ერთ-ორ კვირაში ელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს. ავტომაგისტრალის გაყვანასთან დაკავშირებით ფერმერებს პრობლემები მაისში შეექმნათ, რის შესახებაც თავდაპირველად „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერეს.
ფერმერი ქალები შიშობენ, რომ მათ პლანტაციასთან საავტომობილო გზა გაკეთედება, არა თუ ბიოლოგიურად სუფთა, ზოგადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაც შეუძლებელი გახდება, რადგან ასე მოყვანილ მოსავალს არავინ შეიძენს.
„ეს ავტომაგისტრალი მსოფლიო ბანკის პროექტია, ამიტომ ვთხოვთ გამოაგზავნონ სპეციალისტები და შეისწავლო ამ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესაძლო ზიანი. რადგან გზის გადაწევა მეტად ვეღარ მოხდება, ვითხოვთ ქარსაცავი და ჩვენს მომიჯნავე ტერიტორიაზე მაგისტრალს გაუკეთონ მეტალის კედელი, რაც მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა. ორი დამცავი კომპონენტით სრულად მოხდება ბიომეურნეობის დაცვა. ვნახოთ, რა შედეგი ექნება ჩვენს წერილს. მარნეულის მუნიციაპალიტეტის წარმომადგენელიც ჩავრთეთ ამ მიმოწერაში, რადგან ის მსოფლიო ბანკის პროექტზეა პასუხისმგებელი“- ამბობს თეა ქუთათელაძე.
ცნობისთვის, სამმა ფერმერმა ქალმა, მარნეულის რაიონის სოფელ ახლომამუდლოში კენკრის ბიოპლანტაცია 2017 წელს გააშენა. ფერმერებმა 7 ჰექტარ მიწაზე 17 000 ძირი ჟოლო და 10 000 ძირი მაყვალი დარგეს.