მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო პირობების შემოღება მოხდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული.
კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე ავტოსადგურების სერტიფიცირებასაც.
„არსებული სრული ლიბერალიზაციის პირობებში, მოხდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროს მთავარი შემადგენელი ნაწილის - სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება. ასეთივე უწესრიგობას ვაწყდებით სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანების განხორციელებისას. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა. ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება არალეგალიზებული (სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე) გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით. მნიშვნელოვნად გაიზარდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც იძენენ რესურსამოწურულ, იაფფასიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც ეკონომიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოთხოვნებს და იწყებენ მგზავრთა გადაყვანას,“- აღნიშნულია კანონპროექტში, რომლის პარლამენტში წარდგენასაც მთავრობა 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.