საბაჟო პროცედურების გამარტივება ხელს შეუწყობს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირებას, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის შეფასებისას განაცხადა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნებულია ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც ბოლო წლებში რეფორმების შედეგად განხორციელდა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვის პირობებში, ჩვენ და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებს გვექნება საშუალება, დეტალურად გავეცნოთ ყველა სიახლეს. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ამ მიზნით გამოყენებულ იქნას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმა და მოხდეს წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარება. ცალსახად დადებითი მოვლენაა, რომ ქვეყანამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან უფრო დაახლოების მიმართულებით, რადგან ახალი საბაჟო კოდექსი პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც დადებითად აისახება ინვესტიციების დინამიკაზე და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე“, - აღნიშნა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლიდან, საქართველოს საბაჟო სფეროში ევროპული კანონმდებლობა ექნება.