რაც დრო გადის, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა - შეერთებული შტატები და ჩინეთი, სულ უფრო უახლოვდება სრულმასშტაბიან სავაჭრო ომს.ორივე აცნობიერებს, რომ ამას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. მაგრამ იმავდროულად, ამერიკა თამაშის წესების შეცვლას დაჟინებით მოითხოვს, ჩინეთი კი უფრო საკუთარი პრესტიჟის დაცვას ცდილობს.
პარალელურად, ამერიკას ვაჭრობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს მოკავშირე ევროპასთან და მეზობელ კანადასთან. ევროპელებთან სავაჭრო ურთიერთობის დასალაგებლად, ბრიუსელს ეწვია აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რობერტ ლაითიცერი. ეს მაღალი რანგის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ევროპის კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ივლისში შეხვდა, რა დროსაც მათ სავაჭრო საკითხები განიხილეს.
რაც შეეხება ჩინეთს, მართალია, ამერიკას 200 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე ტარიფი ჯერ არ აუწევია, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი პროდუქციის ახალ სიაზე ალაპარაკდა, რომლის ჯამური ღირებულებაც 267 მილიარდ დოლარს აღწევს. „მძულს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ გვაქვს ახალი 267-მილიარდდოლარიანი სია პროდუქციისა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ავამოქმედებთ“, - ამბობს ტრამპი.
რა თქმა უნდა, ჩინეთი ამაზე საპასუხო ზომებით იმუქრება...
ევროპასაც და ჩინეთსაც კარგ მაგალითს აძლევს იაპონიის პრემიერ მინისტრი, შინზო აბე, ვინც განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკების გამართვას გეგმავს. „სავაჭრო სანქციებით მოგებული ვერცერთი ქვეყანა ვერ დარჩება“, - ამბობს აბე.
აბემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა წინა კვირაში მიანიშნა, რომ შესაძლოა სატარიფო მიზანში იაპონიაც ამოიღოს.
პარალელურად, ახლოვდება ფედრეზერვის სხდომა, რომელზეც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. ბაზარი მოელის, რომ ამ სხდომაზე, დოლარზე საპროცენტო განაკვეთი (წელს მესამედ) გაიზრდება. ამის მიუხედავად, დოლარის ინდექსმა, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან დოლარის საშუალო კურსს ასახავს, ახალი კვირა დასუსტებით დაიწყო. ის 0.09 პროცენტით, 95.29-მდე შემცირდა.
ანალიტიკოსების აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ ინვესტორებმა ის მოგება გაანაღდეს, რომელიც ამერიკის შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკის გამოქვეყნებამ მოუტანა. ეს ნიშნავს, რომ მათ მოგებული დოლარი სხვა აქტივებში გაანაღდეს და ახლა ფედრეზერვის გადაწყვეტილების მოლოდინის რეჟიმში გადავიდნენ. ამასობაში კი დოლარის ინდექსმა 95.0-ს ზევით ასვლა და იქ დამკვიდრება შეძლო.
ფედრეზერვის სექტემბრის სხდომა 25-26 სექტემბერს გაიმართება.
დოლარის კლების პარალელურად, გაიზარდა ნავთობის ფასები. ამის მიზეზი ისაა, რომ გასულ კვირაში, რამდენიმე ამერიკულ ჭაბურღილზე მოპოვება შემცირდა. რაც მთავარია, ახლოვდება დრო, როცა აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ, სრულმასშტაბიან სანქციებს აამოქმედებს. შესაბამისად, ბაზარზე შესაძლოა ნავთობის დეფიციტი წარმოიქმნას. ასეთი მოლოდინი კი ფასის ზრდას იწვევს.
მერაბ ლორთქიფანიძე