მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 107,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,5 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის მაჩვენებელთან შედარებით და 6,5 ათასი ტონით მეტია გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით.ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაცით, წინა თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა 57,6 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 9,3 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 49,9 ათასი ტონა (კლება 10,7 ათასი ტონით) შეადგინა.
„სულ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 733,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 56,1 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, 2018 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა 362,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 370,6 ათასი ტონა შეადგინა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2018 წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 42,2 ათასი ტონა ანუ 73,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 14,8 ათასი ტონა ანუ 25,7%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,6 ათასი ტონა ანუ 1,0%.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 254,7 ათასი ტონა ანუ 70,2%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 101,7 ათასი ტონა ანუ 28,0%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 6,2 ათასი ტონა ანუ 1,7%,“-აღნიშნულია განცხადებაში.
იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ქვეყნების მიხედვით 2018 წლის აგვისტოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 31,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 24,4 ათასი ტონა (22,7%), თურქმენეთი - 17,1 ათასი ტონა (15,9%); ბულგარეთი - 14,0 ათასი ტონა (13,0 %); აზერბაიჯანი - 13,7 ათასი ტონა (12,8%), საბერძნეთი - 6,8 ათასი ტონა (6,3%).
„2018 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში კი ქვეყნების მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 191,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 187,0 ათასი ტონა (25,5%); თურქმენეთი - 122,9 ათასი ტონა (16,8%); აზერბაიჯანი - 106,8 ათასი ტონა (14,6%), ბულგარეთი - 80,3 ათასი ტონა (10,9%); საბერძნეთი - 44,6 ათასი ტონა (6,1%).
საწვავის იმპორტი და მოხმარება ქვეყანაში კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასები რეკორდულად მაღალ ნიშნულზე დგას. ამას განაპირობებს საავტომობილო პარკის ზრდა (მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის იმპორტის საერთო ოდენობაში იზრდება ჰიბრიდული და დაბალმოცულობიანი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების წილი), სატრანზიტო გადაზიდვების მატება, საქართველოში ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიური მიმდინარეობა,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.