რატომ გადასცდა საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს

ბოლო პერიოდში საწვავის ბაზარზე, საკმაოდ მტკივნეულად ვითარდება მოვლენები და ერთი ლიტრი ბენზინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს გადასცდა.

შესაბამისად აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მრავალი კომენტარი თუ პროგნოზი მოვისმინე (ნუ ცალკე საკითხია რამდენად კვალიფიციური იყო ეს პროგნოზები, ვინ ვის გამართლებას ცდილობდა და ვინ რითი ხსნიდა პროცესების ამგვარ განვითარებას).

მოკლედ რა ხდება, ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება უკვე ასცდა 2.65 ლარს, აღნიშნულ მატებას, ნავთობპროდუქტების ლობისტები და არამხოლოდ ისინი ხსნიან 3 ძირითადი ფაქტორით. ესენია: 1) ეროვნული ვალუტა, 2) საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატება და 3) გაზრდილი აქციზის განაკვეთი.

1) ეროვნული ვალუტა: სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ბოლო ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა, მართლაც გაუფასურდა დოლართან მიმართებაში 3 პუნქტით. მაგრამ რამდენად შეეძლო, მას საწვავის ფასის მსგავსად გაძვირება, თითქოს ყველაფერი წესრიგშია 3 პუნქტით გაუფასურდა ლარი, საშუალოდ 3 თეთრით გაძვირდა ყველა ტიპის საწვავი და ერთი ლიტრი სუპერის მინიმალური ღირებულება 2.55 ფარგლებშია. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება, თუ ჩვენ წინა თვის მონაცემებს ჩავხედავთ, აგვიტოს მეორე ნახევრისკენ ერთი ლიტრი სუპერის ფასი 2.53 ლარის ფარგლებში ფიქსირდებოდა, ამავე პერიოდში ერთი დოლარი 2.60 ლარი ღირდა, ანუ ზუსტად იგივე ნიშნულზე იყო რაც დღეს, თუმცა საწვავის ფასი როგორც ვხედავთ ერთი და იგივე ნარჩუნდებოდა. მაშინ რამ განაპირობა ამჟამად საწვავზე ბასების მატება ?! დაკვირვებული თვალი იტყვის, იმ ხანად ერთი ბარელი 65 დოლარის ფარგლებში ივაჭრებოდა და ამიტომო, თუ ასეა მაშინ აგვისტოშივე რატომ ეჭირათ უკვე გაძვირებული ფასი კომპანიებს ადგილობრივ ბაზარზე ?!

2) მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარეობს ნავთობის ფასის მატება სიმართლეს არ შეესაბამება. ბაზარზე მიმდინარეობს ჯანსაღი ვაჭრობა და ბოლო კვირის მანძილზე, ფასების შემცირების ტენდენციაც კი ფიქსირდება.

რაც შეეხება გლობალურ ტენდენციებსა და მათ კორელაციას ქართულ ბაზართან:

დავიწყოთ ცოტა შორიდან, თებერვლის თვეში ბარელის ფასი 59-61 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ამ პერიოდში საქართველოში ერთი ლიტრი პრემიუმის (95ოქტ) შეძენა 2.29 ლარად იყო შესაძლებელი, ანუ იმაზე ძვირი ღირდა, ვიდრე მაისის თვეში, როდესაც ბარელი 70 დოლარზე იყო ასული. ამის შემდეგ, ანუ მაისიდან ივნისამდე, ნავთობზე და შესაბამისად პლაცსზე ფასების მატება გაგრძელდა, რაც კიდევ რამდენჯერმე გახდა საქართველოში საწვავის გაძვირების მიზეზი. მაგრამ როდესაც მაისის მეორე ნახევრიდან, ივნისის მეორე ნახევრამდე, ანუ ზუსტად ერთი თვის განმავლობაში ნავთობზე გვქონდა ფასზე მკვეთრად დაღმავალი ტრენდი და ბარელის ფასი 64 დოლარამდეც კი დაეცა ეს ცვლილება, უკვე დადებითად არ ასახულა ადგილობრივ ბაზარზე, მეტიც მსოფლიო ბაზარზე დაღმავალი ტრენდის პარალელურად, ჩვენთან საწვავზე ფასები გაიზარდა კიდეც 3-5 თეთრით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ აღნიშნულ 3 თვიან მონაკვეთში, სტაბილურობით ხასიათდებოდა ეროვნული ვალუტის კურსიც და ერთი დოლარის შეძენა საშუალოდ 2.44-2.45 ფარგლებში იყო შესაძლებელი.

3) აქციზის განაკვეთი და მისი შედეგები:

აქტიურად მუსირებს მოსაზრება, რომ საწვავის ფასის კოლოსალური ზრდა გამოიწვია აქციზის გადასახადის გაზრდამ, რომელიც 1 იანვარს შევიდა ძალაში. ცხადია, აქციზის განაკვეთმა, ნამდვილად მოახდინა გავლენა საწვავის ფასზე, მაგრამ ეს ზრდა არ აღემატებოდა ლირტზე 15%-ს.

რაც შეეხება აქციზის განაკვეთის შემცირებას და ამ მექანიზმით საწვავზე ფასების დაწევას, აღნიშნული მექანიზმის გამოყენებას ჩვენს რეალობაში ვერ ექნება, გრძლევადიანი და მუდმივმოქმედი შედეგი, იმდენად რამდენადაც, ოლიგოპოლიურ და კარტელურ ბაზარზე გადასახადების, ამა თუ იმ ფორმით, შემცირებას მოსახლეობაზე და პროდუქტის ფასზე, აქვს მიზერული შედეგი. აქციზის განაკვეთის შემცირების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ საწვავზე ფასების ერთჯერად შემცირებას, ამის შემდეგ ეს თანხა, ისევ კომპანიების ანგარიშებზე წავა (თუმც არც ესაა ცუდი ეკონომიკისთვის, თუ ბიზნეს მეტ ფულს დაუტოვებთ) მაგრამ საწვავის ფასზე ამ უკანასკნელს რეალური შედეგი ვერ ექნება.

პაატა ბაირახტარი

ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი

წყარო: „ბანკები და ფინანსები"