იმ ნივთიერებების ექსპორტზეა საუბარი, რომელიც კანაფისგან მიიღება და რომელიც მედიკამენტების და კოსმეტიკური საშუალებების საწარმოებლად გამოიყენება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კმიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციას ექსპორტზე გატანის მიზნით, ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინდელ სხდომაზე მარიხუანას სხვა ფორმით წარმოების ლეგალიზაციასა და დაშვებაზე საუბარი არ ყოფილა.
„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ თემაზე დისკუსია იყო. იყო დისკუსია ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიზნით, კანაფის პროდუქტების ექსპორტის ლიცენზიის დაშვებაზე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, ეს იყო მხოლოდ დისკუსია. როგორც ზოიძემ აღნიშნა, საბოლოოდ რა სახეს მიიღებს, ამის შესახებ უკვე მთავრობის სხდომაზე შსს კანონპროექტს, რომ წარმოადგენს მერე გახდება ცნობილი.
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.
როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.