აგვისტოში მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 20 %-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აგვისტოს თვეში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 1089 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია (2017 წელი - 910 მგზავრი).

მათივე ცნობით, მგზავრების უმეტესობა უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო, კერძოდ, სვანეთი, უცხოელი ვიზიტორებისათვის და ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ჯამში, აგვისტოში ადგილობრივი აეროპორტები 1,473 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი - 1,331 მგზავრი).

მესტიის მიმართულებით რეისები ნატახტარიდან და პირიქით, შაბათის გარდა ყოველდღე სრულდება. ნატახტარი-მესტიის ფრენის ღირებულება ზრდასრულებისთვის 90 ლარია. 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.

რაც შეეხება ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, რეისები კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს სრულდება. ქუთაისი-მესტიის ბილეთის საფასური 50 ლარია“, - ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციაში.