ქართული ყველი შვეიცარიული ტექნოლოგიით

ქართული ყველისთვის ევროპული ბაზრის კარი გაიხსნება.

ამის შესახებ ”პალიტრა ტვ”-ის გადაცემა ”საქმეში” ყველის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ანა მიქაძემ ისაუბრა.

ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზრის კარი გაიხსნება იმ ქართველი მწარმოებლებისთვისაც, რომლებიც ცხოველური წარმოშობის პროდუქციას აწარმოებენ. მათ შორისაა, ყველი, რომლის წარმოებაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ყველის მწარმოებელთა ასოციაციამ, რომელიც თავის რიგებში, ძირითადად, მცირე და საშუალო წარმადობის საწარმოებს აერთიანებს, შვეიცარიიდან ყველის ტექნოლოგი მოიწვია, რომელიც მათ ყველის დამზადებისა და შენახვის ევროპულ ტრადიციას ასწავლის და პარალელურად ადგილობრივ მეურნეობებსაც დაათვალიერებს.

როგორც მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, შვეიცარიელი ტექნოლოგი საქართველოში 4 თვე დარჩება და საქართველოს ყველა მაღალმთიან  და ყველის მწარმოებელ რეგიონს მოინახულებს და საკუთარ გამოცდილებას ქართველ ე.წ ”მეყველეებს” გაუზიარებს.

მიქაძის განცხადებით, ქართული ყველის გატანა ევროპულ ბაზარზე ამ ეტაპზე რთულია, იმის გამო, რომ ე.წ ”მეყველეები” პროდუქციის წარმოებისას შესაბამის სტანდარტებს არ იცავენ. მისივე განმარტებით, ევროპული სტანდარტების დაცვაში განსაკუთრებული არაფერია და ის სირთულეს არ წარმოადგენს.

გადაცემა იხილეთ ლინკზე: ”საქმე”

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: European market to open for Georgian cheese