ზუგდიდიდან ანაკლიამდე ველობილიკის მოწყობა სულ მცირე 2019 წლამდე გადაიდო.
როგორც ამ პროექტის იდეის ავტორი კომპანიის „ივერია მოტორსის“ წარმომადგენელი, კონსტანტინე შერვაშიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ზუგდიდის მერია ინიციატივით დაინტერესდა, თუმცა ამას გაგრძელება არ მოჰყოლია, შესაბამისად, პროექტიც შეჩერებულია.
საუბარია 35 კილომეტრიან ველოტრასაზე, რომელიც „ივერია მოტორსს“ ფრანგულ კომპანია SMOOVE-თან ერთად უნდა მოეწყო.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ამჟამად „მიმდინარეობს წყალარინებისა და წყალმომარაგების პროექტის განხორციელება, რომელიც 2019 წელს დასრულდება. ამის შემდეგ კი მოხდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ველოტრასებზე საუბარიც შესაძლებელი იქნება“.
სურვილის შემთხვევაში, მზად არის თუ არა „ივერია მოტორსი“ პროექტი 2019 წელს მაინც განახორციელოს, კომპანიის წარმომადგენელი კონსტანტინე შერვაშიძე ამბობს, რომ მთავარია ინტერესი ზუგდიდის მერიამ გამოხატოს.
„თუ ზუგდიდის მერიაში არ გამოთქვეს სურვილი, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. მათ კარგად იციან, რომ პროექტის გაკეთება შეგვიძლია და თუ სურვილი აქვთ, სიამოვნებით განვახორციელებთ“,-აცხადებს კონსტანტინე შერვაშიძე.
ზუგდიდიდან ანაკლიამდე ველოტრასის მოწყობის იდეა დაახლეობით ერთი წლის წინ გაჩნდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.
რაც შეეხება ფრანგულ კომპანია SMOOVE-ს, რომელსაც ქართულ მხარესთან ერთად ველოტრასა უნდა გაეკეთებინა, მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში ველოსიპედების გაქირავების ტერმინალები აქვს მოწყობილი.
კონსტანტინე შერვაშიძის თქმით, აღნიშნულ იდეასთან დაკავშირებით შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან მაშინვე გაიმართა. იყო წინაპირობები, მათ შორის საუბარი ტერიტორიის გამოყოფსა და ბიუჯეტზეც, რაშიც სახელმწიფოს ჩარევა და აქტიურობა იყო საჭირო, თუმცა მას შემდეგ ზუგდიდის მერიიდან არავინ დაკავშირებიათ.
როგორც კონსტანტინე შერვაშიძე აღნიშნავს, ველოტრასის მოწყობის მთავარი გათვლა ტურისტული ინფრასტრუქტურის მეტად განვითარებაა.