ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება გაიზარდა

2018 წლის ივლისში, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 10.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის 7 თვეში ჯამურად 8.8% - იანი ზრდა იყო.როგორც „გალტ ენდ თაგარტის“ ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაშია ნათქვამი, მოხმარების ზრდა ძირითადად პირდაპირი მომხმარებლების და სადისტრიბუციო კომპანიების გაზრდილმა მოხმარებამ განაპირობა.

მათივე ინფორმაციით, პირდაპირი მომხმარებლების მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის მოცულობა წლიურად 33.6%-ით გაიზარდა და ქვეყნის შიდა მოხმარების 16.7% შეადგინა.

„ზრდა ძირითადად პირდაპირი მომხმარებლების ჯგუფში სამი ახალი კომპანიის დამატებამ გამოიწვია. მაისში ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, „ჯი ეფ დი სი ჯორჯია“, „ჯეო სერვერს“ და „ქუთაისი ინვესტმენტს“ ავტომატურად დარეგისტრირდნენ პირდაპირ მომხმარებლებად, რადგან მათი საშუალო თვიური მოხმარება აღემატებოდა 15 მლნ კვტ.სთ-ს.

დისტრიბუციის ლიცენზიანტების მოხმარება წლიურად 7.8% გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი აბონენტების რიცხვს სამი მსხვილი კომპანია დააკლდა. ეს ზრდა ძირითადად ახალი კომერციული აბონენტების დამატებით აიხსნება“,-ნათქვამია მიმოხილვაში.