მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ რეგიონის მასშტაბით ახლად აშენებული მუხრანის საბავშვო ბაღი და გორანას დაწყებითი სკოლა დაათვალიერა, მოინახულა რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაბა სტეფანწმინდაში და ბაღი სოფელ საყდრიონში.
რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, გუბერნატორი დაინტერესდა შენობების მდგომარეობით, გაეცნო ინფრასტრუქტურული მოწყობის საკითხებს, არსებულ საჭიროებებს.
მუხრანის საბავშვო ბაღი 6, ხოლო საყდრიონი 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი. შენობები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოწყობილია ცენტრალური გათბობის სისტემა, მოწესრიგებულია სველი წერტილები.
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეების ნაკადს მიიღებს დაბა სტეფანწმინდისა და გორანას საჯარო სკოლებიც. სკოლები ინფრასტრუქტურულად კეთილმოწყობილი და სასწავლო გარემოსთან ადაპტირებულია.
„განათლების ხელშეწყობა ჩვენს პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია შესაბამისი სასწავლო პირობების შექმნა. სასიხარულოა, რომ რეგიონს რამდენიმე თანამედროვე და კეთილმოწყობილი სკოლა და საბავშვო ბაღი შეემატა, რომლებიც ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრულ მზადყოფნაში ხვდებიან“, - განაცხადა მხარის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.