თბილისის მერია ვერის ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს. რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 23 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 215 000 ლარია.
პროექტის დაფინანსების წყარო 2018-2019 წლების თბილისის ბიუჯეტია.
„სასურველია ბაღის ტერიტორია დაიყოს შემდეგ ზონებად: ცენტრალური სივრცე; შადრევნები; 2 სპორტული სივრცე; 3 საბავშვო სივრცე; პავილიონი ან/და ღია საზოგადოებრივი სივრცე; ძაღლების სასეირნო სივრცე; 1 საპიკნიკე სივრცე.
ძირითად ბილიკებზე მოეწყოს ღამის განათება; მოეწყოს დამატებითი ბილიკები და განათება საბავშვო და სპორტულ მოედნებთან; ბაღის მთელ ტერიტორიაზე განთავსდეს საინფორმაციო დაფები და ამკრძალავი ნიშნები. საჭიროების შესაბამისად მოეწყოს სასმელი წყლის სოკოები. ვერის ბაღი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.