უკვე ექვსი წელია, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში, მაშინ როცა ვაშლის მოსავლის მოწევის სეზონი იწყება, Apple ოფიციალურად წარმოადგენს სმარტფონების ახალ მოდელებს.
2018 წლის „მოსავალი“ კომპანიისთვის ბარაქიანი აღმოჩნდა: კომპანიამ მომხმარებელს ერთდროულად ტელეფონების სამი ვერსია და ახალი „ჭკვიანი საათი“ წარუდგინა. კალიფორნიაში გამართულ პრეზენტაციაზე, Apple-მა აუდიტორიას Apple Watch-ის მეოთხე ვერსია გააცნო, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება წინამორბედი სამისგან.
პირველ რიგში, საუბარია ეკრანის დიაგონალზე - 40 და 44 მილიმეტრი, 38 და 42 მილიმეტრის სანაცვლოდ. გაცილებით უფრო ხარისხიან ეკრანზე უფრო მეტი ინფორმაციის განთავსებაა შესაძლებელი. Apple-მა ასევე წარმოადგინა ახალი ვირტუალური ციფერბლატი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მომხმარებელმა ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციით ისარგებლოს.
სიახლეებს შორისაა საათის ფუნქცია, რომელიც მფლობელის დაცემისას მყისიერად უღებს მას ელექტროკარდიოგრამას.
აღსანიშანავია, რომ 2017 წელს Apple-მა Xiaomi-სა და Fitbit-ს გაასწრო და მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი გახდა ისეთი გაჯეტების, რომელთა ტარებაც შესაძლებელია და ეს „ჭკვიან საათებზე“ მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა. ექსპერტები ამბობენ, რომ Apple უფრო მეტ საათს ყიდის, ვიდრე შვეიცარიული საათების წარმოება ერთად აღებული.