"ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენა განხორციელდება 144 ჰა ფართობზე, დაირგვება 400 000-მდე ნერგი"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში, ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენით სამუშაოებს იწყებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება. 2018 წლის სექტემბრის ბოლოდან დაიწყება ნერგების დარგვისა და თესვის სამუშაოები. ტყის აღდგენა განხორციელდება 144 ჰა ფართობზე, დარგული იქნება 400 000-მდე ნერგი.

„ტერიტორიის გაწმენდის, პერიმეტრზე ღობის მთლიანობის აღდგენის, ეროზიასაწინააღმდეგო და, გარკვეულ მონაკვეთებზე, ნიადაგის აღდგენის, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების შეკეთება-გაწმენდის სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდა. ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროცესში კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

„თიბისი ბანკი“ იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც დამწვარი ტყის მასივის განახლების ღონისძიებებში ჩართვის ინიციატივით გამოვიდა“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „თიბისი ბანკს“, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და ეროვნულ საშენ მეურნეობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, „თიბისი ბანკი“ 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს. 2018 წლის ბოლომდე „თიბისი ბანკის“ ინიციატივით ტერიტორიაზე ჯამში 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგვება, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. ტერიტორიაზე სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, „TBC ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა და ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ეროვნული საშენი მეურნეობის ხელმძღვანელებმა მოაწერეს.

სამინისტროს განცხადებით, ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება. ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის შემქმნელი სახეობის ნერგების გამოყვანა ეროვნული სატყეო სააგენტოს სანერგეებში ხდება, რომლებიც იმავე ზონაშია მოწყობილი. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება.