„ფოლკსვაგენის“ ჯგუფს მისი 1 670 აქციონერი უჩივის, რომლებიც ავტომწარმოებლისგან იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც მათ დიზელგეიტის სკანდალის გამო განიცადეს.
მათ მიაჩნიათ, რომ კონცერნის ხელმძღვანელობას, მოსალოდნელი სკანდალის მასშტაბის შესახებ უნდა ეცნობებინა, რომლის გამოც, აქციების ფასი 37 პროცენტით დაეცა. საჩივრებით მოთხოვნილი ზარალის ანაზღაურების ჯამური მოცულობა 9.2 მილიარდ ევროს აღწევს.
„ფოლკსვაგენი“ ბრალდებას უარყოფს და თავს იმით იმართლებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას წინასწარ ვერ ეცოდინებოდა იმის შესახებ, რომ კომპანიას დიზელისძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვის მონაცემებით მანიპულირებაში ოფიციალურად დაადანაშაულებდნენ. გერმანული კომპანია იმედოვნებდა, რომ ამ პრობლემას მოლაპარაკებით მოაგვარებდა და ის არ გამჟღავნდებოდა.
აქციონერები ირწმუნებიან, რომ კომპანიის ხელმძღვანელობაში, დარღვევების შესახებ იცოდნენ და მათ აქციონრებისთვის მოსალოდნელი შედეგების შესახებ დროულად უნდა ეცნობებინათ.
საბოლოოდ, „ფოლკსვაგენს“ დიზელის ძრავების გამონაბოლქვის გაყალბება 27.4 მილიარდი ევრო დაუჯდა. სკანდალს კომპანიის ხელმძღვანელობის გადაყენება და მთელს მსოფლიოში, 11 მილიონი ავტომობილის უკან გაწვევა მოჰყვა. სასამართლო სარჩელების და ჯარიმების მოცულობა 90 მილიარდ დოლარს აღწევს.
მერაბ ლორთქიფანიძე