პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის ოფიციალურ პირებს სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკების განახლებას სთავაზობს.
ამის თაობაზე, „ფოქს ბიზნესთან“ საუბრისას, თეთრი სახლის ეკონომიკის საბჭოს ხელმძღვანელმა, ლარი კუდლოუმ განაცხადა. იმავდროულად, ვაშინგტონი 200 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების გასაზრდელად მზადაა.
კუდლოუს თქმით, ჩინურ მხარეს შეთავაზება თვით აშშ-ის ხაზინის შეფმა, სტივენ მნუჩინმა გაუგზავნა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელობას, მოლაპარაკების განახლება სურს. ამიტომ ხაზინის მდივანმა მნუჩინმა, რომელიც ჩინეთთან მოლაპარაკების ჯგუფის ლიდერია, მათ შესაბამისი მოწვევა გაუგზავნა“, - ამბობს კუდლოუ.
არაოფიციალური ინფორმაციით, მნუჩინმა მიწვევა ჩინეთის ვიცე პრემიერ, ლიუ ჰეს გაუგზავნა, ვინც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპენის მთავარი ეკონომიკური მრჩეველიცაა. მიწვევა მოლაპარაკების უახლოეს მომავალში გამართვას ითვალისწინებს. ჯერჯერობით უცნობია, ამ მიწვევის გამო, აპირებს თუ არა ამერიკის მხარე ტარიფების ზრდის მორიგი ეტაპის განხორციელებას.
200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაში, რომელზეც ტარიფების ზრდა იგეგმება, შედის როგორც ინტერნეტ ტექნოლოგიების პროდუქტები, ასევე ხელჩანთები, ველოსიპედები, ავეჯი და ფართო მოხმარების სხვა პროდუქცია.
„ვფიქრობ, ყველასთავის უკეთესია ამაზე ლაპარაკი და მგონია, რომ ჩინეთის მთავრობას ამის სურვილი აქვს“, - ამბობს კუდლოუ და კითხვაზე, სურს თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას მოლაპარაკების განახლება, პასუხობს: „თუ ისინი მოლაპარაკების მაგიდას, შედეგის მიღწევის მიზნით მიუსხდებიან, რა თქმა უნდა. ეს სწორედ ისაა, რასაც თვეებია ვითხოვთ“.
მერაბ ლორთქიფანიძე