ისნის რაიონის გამგეობამ მოსახლეობის თხოვნით, ნავთლუღის ტერიტორიაზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N15-ის მიმდებარედ არსებული ცხაურის ტიპის ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ ცხაურის ტიპის ავტოფარეხების კონსტრუქციების დაშლის შემდეგ, ტერიტორია დასუფთავდება. საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგების მიზნით, გამგეობა კეთილმოწყობის პროექტის განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, კორპუსებს შორის კეთილმოეწყობა ეზო, დაიგება ასფალტის საფარი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, სკვერში დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდება მოსასვენებელი სკამები და ლამპიონები.
ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ცხაურის ტიპის 11 ავტოფარეხი უკვე დაშლილია და სამუშაო პროცესი გეგმის მიხედვით გრძელდება. აღნიშნულ მისამართზე, სულ 32 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდება. ისნის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ავლაბრის, ვაზისუბნისა და ნავთლუღის ტერიტორიაზე, დღეის მდგომარეობით, უკვე 81 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა. მოსახლეობის გამოხმაურების შემთხვევაში, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- ნათქვამია განცხადებაში.