გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის მონაცემებით, ნიუ იორკმა ლონდონს მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ფინანსური ცენტრის წოდება ჩამოართვა.
კვლევა აჩვენებს, რომ ლონდონის მიერ მოწინავე პოზიციის დათმობა ბრექსიტს უკავშირდება - ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები, ლონდონში თავის ოფისებს ამცირებენ, რადგან იქიდან მათთვის ევროკავშირის ბაზარი მიუწვდომელი ხდება.
ინდექსის მონაცემებით, ნიუ იორკის შემდეგ, მეორე პოზიციაზე ლონდონი რჩება, რომელსაც ჰონ კონგი და სინგაპური მოჰყვებიან. ინდექსი მსოფლიოს 100 ფინანსურ ცენტრს მოიცავს და ისეთ ფაქტორებს ითვალისწინებს, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და კვალიფიცირებული სპეციალისტების ხელმისაწვდომობა. ლონდონმა ამ ინდექსში, ბოლო ექვს თვეში 8 ქულა დაკარგა, რაც მოწინავე ცენტრებისთვის დიდი ვარდნაა. ინდექსის ანალიტიკოსების თქმით, ასეთი ვარდნა, ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობით არის გამოწვეული.
ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე დიდი საფინანსო კომპანიები, ლონდონში შტატებს ამცირებენ და თანამშრომლების ნაწილი, ევროკავშირში გადაჰყავთ. სხვადასხვა შეფასებით, ლონდონიდან საფინანსო სფეროს დაახლოებით 5 000 პოზიციის ევროკავშირში გადაყვანაა მოსალოდნელი. სულ კი ლონდონი საფინანსო სფეროში 3.5-დან 12 ათასამდე სამუშაო ადგილს დაკარგავს.
მერაბ ლორთქიფანიძე