მამუკა ბახტაძე - 2019 წლიდან 50, ხოლო 2023 წლიდან 2000-ზე მეტ საჯარო სკოლაში სწავლის ახალი მოდელი დაინერგება

2019 წლიდან 50, ხოლო 2023 წლიდან 2000-ზე მეტ საჯარო სკოლაში სწავლის ახალი მოდელი დაინერგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ყველა სკოლა საქართველოში უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის.

„დღეს სამწუხაროდ, სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი, რაც არის ძალიან დიდი შეცდომა და ამ შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებთ. რეფორმირებული სკოლა ორიენტირებული იქნება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, ინოვაციურობაზე, ინკლუზიურობაზე, ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებზე. 2019 წელს დავიწყებთ 50 სკოლით და ეტაპობრივად მოვახდენთ ჩვენს სკოლებში სწავლის ახალი მოდელის დანერგვას, ხოლო 2023 წლისთვის 2000-ზე მეტ სკოლაში სრულად იქნება დანერგილი ეს მოდელი. ჩვენ საქართველოში არ გვსურს ვიხილოთ რამდენიმე ან რამდენიმე ათეული პრესტიჟული სკოლა. ყველა სკოლა საქართველოში უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის. რეფორმის შედეგად მივიღებთ სკოლის ახალ მოდელს, რომელიც იქნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შერწყმა ქართულ რეალობასთან და ქართულ სამეცნიერო თუ პედაგოგიურ გამოცდილებასთან“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა.

„პირველ ეტაპზე, 2018-2019 წლის სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს დაახლოებით 10 000-მდე მასწავლებელი. 2022 წლისთვის ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც ბახტაძე განმარტავს, ძლიერ თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. ამასთან, მისივე თქმით, ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც მართავს სკოლას მართვის ახალი მოდელით.

„სკოლაში დაინერგება სწავლების ახალი მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზე ასწავლიან გადამზადებული მასწავლებლები. ამასთან ერთად, სკოლებს მიეცემა თავისუფლება გარკვეული საგნების მეთოდოლოგიის სწავლების ნაწილში. სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს და უნდა პასუხობდეს ახალ მიზნებსა და ამოცანებს. დღეს გარემო იცვლება სწრაფად. ასეთი დინამიკის პირობებში იმისთვის, რომ მოზარდმა წარმატებას მიაღწიოს, მისი განვითარება უნდა იყოს ამ ცვლილებების ადეკვატური. შესაბამისად, აუცილებელია სკოლა მოსწავლეს აძლევდეს სისტემურ განათლებას, ასწავლიდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, ინოვაციურ მიდგომებს. რა თქმა უნდა, თანამედროვე ძლიერი სკოლა უნდა უყალიბებდეს მოსწავლეს ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს, დემოკრატიულ და ტოლერანტულ ღირებულებებს, უვითარებდეს საკვანძო და პერსონალურ უნარ-ჩვევებს. ძლიერი და თანამედროვე ახალი სკოლა უნდა ეფუძნებოდეს ტექნოლოგიებს. შესაბამისად, სკოლა უნდა ვითარდებოდეს ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ“, - აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე განცხადებით, განათლების რეფორმა განხორციელდება 5 მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

რაც შეეხება სკოლამდელ განათლებას, მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარება ნებისმიერ ასაკში და შესაბამისად, სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან განათლება ადრეული ასაკიდან აისახება განვითარების შემდგომ საფეხურებზე.

ამასთან, როგორც ბახტაძე აცხადებს, პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება რეფორმაში.

„ის ორიენტირებული იქნება რეგიონული განვითარების საჭიროებებზე და სწრაფ დასაქმებაზე. ჩვენი ამოცანა იქნება, უმოკლეს პერიოდში გავზარდოთ სტუდენტების რაოდენობა რეგიონებში და განვავითაროთ პროფესიული განათლების ცენტრები.

უმაღლესი განათლების მიმართულებით გვექნება დაფინანსების ახალი მოდელი; მოხდება ინტეგრაცია ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც რეგიონული განვითარების ცენტრის შესახებ, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოს ისტორიული როლი - იყოს რეგიონის ცენტრი და ამავდროულად, განათლების ცენტრი ჩვენი ფართო რეგიონისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.