საქართველოში 6 თვეში 24 312 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში 23 603 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 24 312 ბავშვი შეადგინა.

როგორც საქსტატიდან იუწყებიან, ამავე პერიოდში ქვეყანაში 23 603 ადამიანი გარდაიცვალა.

2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: თბილისში - 2 109 ადამიანი, აჭარაში - 1 041 და ქვემო ქართლში - 674.

საქსტატის ცნობით, 2018 წლის საბოლოო მონაცემები 2019 წლის მარტის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.