სუპერმარკეტების ქსელმა „ნიკორამ“ 25 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა.
ეს კომპანიის მიერ ლარში გამოშვებული პირველი საჯარო ობლიგაციაა. ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსება „თიბისი ბანკის“ შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო. აღნიშნული ტრანზაქცია 2018 წლის ამ პერიოდისათვის ყველაზე მსხვილი გარიგებაა ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციის სეგმენტში.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, „ნიკორას“ მიერ ობლიგაციების გამოშვების მიზანი სასესხო ვალდებულებების რეფინანსირება და სამომავლო განვითარებისთვის ფულადი რესურსის მოზიდვაა. 3 წლიანი ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდა. ობლიგაციების დაფარვის ვადა 2021 წლის აგვისტოა. ფასიანი ქაღალდის მცოცავი საპროცენტო განაკვეთი 11%-ია და მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე.
ობლიგაციების გამოშვებაში ინვესტიცია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტმა განახორციელა, მათ შორის ადგილობრივმა ბანკებმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა.
„ნიკორას“ გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. ჯერ კიდევ 2016 წელს, კომპანიამ 5 მილიონი დოლარის ღირებულების კუპონური ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა დაფარვა 2018 წლის მარტში განხორციელდა.
„ეს არის პირველი შემთხვევა როცა ობლიგაცია გამოვუშვით ლარში. მოგეხსენებათ, ნებისმიერ მოზიდულ სახსრებს ახლავს სავალუტო რისკი, ნიკორას მთელი შემოსავლები საქართველოში გენერირდება. შესაბამისად, სასურველია, რომ მოზიდული სახსრებიც ყოფილიყო ლარში. 2017 წელს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Scope Ratings“-მა ”ნიკორას“ B+, ხოლო კომპანიის მიერ გამოსაშვებ ობლიგაციებს BB- რეიტინგი მიანიჭა. საქართველოში, რითეილის სფეროში, ”ნიკორა ტრეიდი” ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც მსგავსი რეიტინგი მოიპოვა. ამან საშუალება მოგვცა გამოგვეშვა 25 მილიონი ლარის სამწლიანი კუპონური ობლიგაციები. მოზიდულ რესურსს ისევ კომპანიას მოვახმართ, რაც მისი შემდგომი განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა,“ - განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
“თიბისი კაპიტალის” დირექტორის განმარტებით, საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის უნიკალური ობლიგაციის ემისია განხორციელდა და 2018 წლის ყველაზე მსხვილი ლარის კორპორაციული ობლიგაციის გარიგება შედგა.
„მოხარული ვართ, რომ სექტორის ლიდერ კომპანიასთან მოგვიწია მუშაობა. „ნიკორა ტრეიდს“ შევთავაზეთ მათზე მორგებული გამოსავალი, რომელიც მოქნილ ინსტრუმენტს სთავაზობს კომპანიის ქსელის შემდგომი განვითარებისთვის და ამავდროულად, იცავს კომპანიას სავალუტო რისკებისგან. ამ ობლიგაციებით „ნიკორამ“ შეძლო დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის ლიდერობას ობლიგაციების ბაზრის კორპორატიულ სეგმენტში“, -განაცხადა “თიბისი კაპიტალის”დირექტორმა, ირაკლი ელაშვილმა.
“ევრობანკისთვის ეს საქართველოში გაცემული პირველი საჯარო ობლიგაციაა ადგილობრივ ვალუტაში. მოზიდული რესურსის ნაწილით “ნიკორას” ახალ ობიექტებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა მოხდება. ეს მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება ეფექტური და მწვანე ეკონომიკის კუთხით, რაც დაამკიდრებს ახალ სტანდარტებს საცალო ვაჭრობის სფეროში. მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს.“ -განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.
„ნიკორა ტრეიდი“ სააქციო საზოგადოება „ნიკორა ჰოლდინგში“ შემავალი სუპერმარკეტების ქსელია, რომელიც ბაზარზე 2 000 წელს გამოჩნდა და დღეს საქართველოში სუპერმარკეტების ყველაზე მრავალრიცხოვან ქსელს წარმოადგენს. კომპანია ამ ეტაპზე 260 სავაჭრო წერტილს აერთიანებს, რომელთაგან 203 თბილისშია განთავსებული, დანარჩენი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. „თიბისი კაპიტალი“ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
EBRD საქართველოში წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია. EBRD-მ ქვეყანაში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სექტორებში განხორციელებულ 223 პროექტში 3,155 მილიარდ ევროზე მეტი ჩადო. ინვესტიციების 91 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.
ქრისტინე გამთენაძე