„ამაზონის“ შეფმა ჯეფ ბეზოსმა მის მიერვე შექმნილ ახალ საქველმოქმედო ფონდს, რომლის დანიშნულებაც უსახლკარო ადამიანების დახმარება და სკოლების ახალი ქსელის შექმნაა, 2 მილიარდი დოლარი შესწირა.
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თავის ფონდს „პირველი დღის ფონდი“ უწოდა.
ბეზოსს, რომლის ქონებაც 164 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხშირად აკრიტიკებდნენ იმისათვის, რომ საქველმოქმედო საქმიანობაში ნაკლებად იყო ჩართული. ბეზოსმა შარშან ტვიტერზე დასვა კითხვა, რა სახით სჯობდა საკუთარი მიღწევების სხვებისთვის გაზიარება.
ხუთშაბათს მან განცხადა, რომ „პირველი დღის ფონდი“ იმ არსებულ არამომგებიან ორგანიზაციებს დაეხმარება, რომლებიც უსახლკარო ადამიანების და ოჯახების დახმარებას ცდილობენ. მანვე დააფინანსა ახალი არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ღარიბ საზოგადოებებში დაწყებითი სკოლების ქსელს შექმნის.
ბეზოსის ფონდი ორი ნაწილისგან შედგება. ერთის სახელია „დეი ვან ფემილიზ“, რომელიც უსახლკაროთა დახმარებაზე იზრუნებს, მეორისა კი - „დეი ვან აკადემიზ“, რომლის პროფილიც ღარიბთა განათლებაზე ზრუნვაა.
ბეზოსის თქმით, „დეი ვან ფემილიზ“ ყოველწლიურად დააჯილდოვებს იმ ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ იმისათვის, რომ უსახლკაროებს თავშესაფარი მისცენ და შიმშილისგან იხსნან, ასევე იმ ორგანზაციებს, რომლებიც ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერით არიან დაკავებულნი. „დეი ვან აკადემიზ“ კი ჩამოაყალიბებს და მართავს საგანმანათლებლო ქსელს, რომლებიც ღარიბ მოსახლეობას მაღალი ხარისხის განათლებით უზრუნველყოფს. „ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ორგანიზაციას, რომელიც თავად მართავს ამ სკოლებს“, - დასძენს ბეზოსი.
ცნობისათვის, ახლახანს „ამაზონი“ გახდა მსოფლიოში მეორე კომპანია, რომლის კაპიტალიზაციამაც 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. პირველმა ეს კომპანია „ეფლმა“ შესძლო.
ცნობისათვის, ჯეფ ბეზოსმა კომპანია „ამაზონი“ 1994 წელს ჩამოაყალიბა. ბეზოსსვე ეკუთვნის მის მიერ დაარსებული აეროკოსმოსური კომპანია „ბლიუ ორიჯინი“ და გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“. კრიტიკის მიუხედავად, მილიარდერი საქველმოქმედო საქმიანობაში ადრეც იყო ჩართული. ის ეხმარებოდა იმიგრანტების შვილებს და აფინანსებდა პრინსტონის უნივერსიტეტს და კიბოს კვლევებს.
მერაბ ლორთქოფანიძე