2019 წლის პირველი იანვრიდან რძის გადამამუშავებელ საწარმოებს ეკრძალებათ შეიძინონ რძე იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არაა იდენტიფიცირებული.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის - FAO, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელის მიხეილ სოხაძის განმარტებით, აღნიშნული რეგულაციის მიზანს ქვეყანაში რძის და რძის პროდუქტების ხარისხი და კეთილსაიმედოობა წარმოადგენს.
„ამ ცვლილების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს რძის და რძის პროდუქტების მომხმარებელთა დაცვა. რძის გადამამუშავებელი საწარმოები ჩაიბარებენ რძეს მხოლოდ იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველების იდენტიფიცირებულია შესაბამისი საყურე ნიშნებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ცხოველზე განხორციელებულია სახელმწიფო კონტროლი, იგი ვაქცინირებულია და შემოწმებულია ვეტერინარის მიერ, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ზოონოზური ანუ ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი“, - აცხადებს მიხეილ სოხაძე.
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მობინადრე ყველა ფერმერის წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელს, განურჩევლად ცხოველების რაოდენობისა, სახელმწიფო ვეტერინარი წელიწადში 2-ჯერ უტარებს სახელმწიფო პროგრამით გათვალიწინებულ უფასო ვაქცინაციას (ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი და სხვა) და ახდენს საქონლის იდენტიფიკაციას საყურე ნიშნებით.
ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის პროგრამისთვის სახელწიფო ყოველწლიურად 4.5 მილიონ ლარს ხარჯავს, აღნიშნული სერვისები კი ფერმერს სრულიად უფასოდ მიეწოდება.
იდენტიფიკაციის სისტემის მიზანია, ცხოველთა მიკვლევადობა და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური გარემოს შექმნა - 2016 წლიდან იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის პროგრამა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.