ავტომობილის და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება და გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს და ადმინისტრაციული წესით დასჯადი აღარ იქნება, რასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს.
ამასთან, “სისხლის სამართალის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, კანაფისა და მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
ასევე, ცვლილებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული არამხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისათვის.