როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) თავის სექტემბრის სხდომაზე, ევროზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა.
უფრო მეტიც, გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განაკვეთი სულ ცოტა, 2019 წლის ზაფხულამდე არ შეიცვლება.
ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, ECB სადეპოზიტო განაკვეთი (ოვერნაით) კვლავაც მინუს 0.40 პროცენტი დარჩა. ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი კი, რომელიც კრედიტის ფასს განსაზღვრავს, კვლავაც 0.0 პროცენტია.
გარდა ამისა, ცენტრალურმა ბანკმა ისევ დაადასტურა, რომ აქტივების შესყიდვის პროგრამის დასრულებას დეკემბერში აპირებს. ამ პროგრამით, ბანკი თვეში 30 მილიარდი ევროს აქტივების შესყიდვებს ახორციელებს, ოქტომბრიდან კი მისი მოცულობა განახევრდება.
ევროპის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ კრიტერიუმად კვლავაც ინფლაცია რჩება. მისი მიზნობრივი დონე 2 პროცენტია, რომლის საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნების შემთხვევაშიც, ბანკი ევროზე განაკვეთის ზრდას დაიწყებს.
მერაბ ლორთქიფანიძე