თბილისის „ღამის ეკონომიკის“ კვლევაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარება დედაქალაქის მერის კახა კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელად კალაძემ მიმდინარე წლის 7 მარტს სერგი გვარჯალაძე წარადგინა. უკვე აპრილში კი კალაძე აღნიშნავდა, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დასრულებული იყო.

ახლა კი მერიამ „ღამის ეკონომიკის“ კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 172 616 ლარია.

„თბილისის “ღამის ეკონომიკის” ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია მოკლე ვადებში განისაზღვროს კვლევებზე დაფუძნებული გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ზემოთხსენებულმა აქტივობებმა ხელი უნდა შეუწყოს, როგორც მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ქალაქის ურბანულ განვითარებას ღამის პერიოდში, ასევე მოსახლეობის ჩართულობისა და აქტიურობის ზრდას.

ღამის ეკონომიკა დეფინიცია - ღამის ეკონომიკა გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და დილის 8:00 საათამდე გრძელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სექტორების როლი, როგორებიცაა გართობა, დასვენება და კულტურული ღონისძიებები. ტრანსპორტი, ხმაურის რეგულირება, უბნების რეგენერაცია და უსაფრთხოება, რომელიც ღამის ეკონომიკის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს. ღამის ეკონომიკას მნიშნველოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმის ზრდაში და დღის მანძილზე მიმდინარე სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობასთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.