ევროპული ხარისხის შესაფუთი მასალების წარმოება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია
მარკეტერებს უყვართ გამოთქმა: პროდუქტის გაყიდვებს 80%-ით მარკეტინგი უზრუნველყოფს, ხოლო თავად პროდუქტი კი 20%-ითო... თანამედროვე მარკეტინგში სულ უფრო დიდი როლი ენიჭება პროდუქციის შეფუთვას, ანუ ფექიჯინგს. როგორ გამოიყურება პროდუქტი დახლზე, რამდენად იზიდავს მომხმარებლის ყურადღებას, დიდწილად განაპირობებს გაყიდვებსაც.
ამაში დასარწმუნებლად ბოლო პერიოდის წარმატებული მაგალითები შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგალითად: სახელებიანი კოკა-კოლა, ბაკურიანის მულტფილმების გმირებიანი საბავშვო წყლის ბოთლები... მათ და კიდევ სხვა კომპანიებმა, სწორედ შეფუთვების ხარჯზე, რეალიზაციის ნახტომისებურ ზრდას მიაღწიეს.
საბედნიეროდ მაღაზიების დახლებზე ადგილობრივი წარმოების პროდუქციის, განსაკუთრებით კი სურსათის ასორტიმენტი თანდათან იზრდება და თვალში საცემია, რომ მწარმოებლები ცდილობენ ფერადოვანი და თვალშისაცემი შეფუთვებით მიიქციონ ყურადღება. უკვე მწვანილი და სიმინდიც კი სუფთად და ლამაზად შეფუთული იყიდება.
თუ თვალში მოგხვდა და ფასიც შესაფერისია, არჩევანს დიდი ფიქრიც არ უნდა - ყიდულობ ქართულს და იცი, რომ შენ მიერ გადახდილი ყოველი თეთრი შენს ქვეყანაში რჩება და გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა სიკეთის სახით ისევ შენ გიბრუნდება. კიდევ უფრო მეტი დოვლათი იქმნება ქვეყანაში თუ ამ პროდუქციის წარმოების სრული ჯაჭვი ადგილობრივად იკვრება. მაგალითად ასე - ადგილობრივი ნედლეულით და მუშახელით ხდება პროდუქციის წარმოება და ადგილობრივად წარმოებული შესაფუთი მასალებით ეძლევა საბოლოო სასაქონლო სახე. ამ შემთხვევაში მოგებულია როგორც მწარმოებელი, ასევე მომხმარებელი. მწარმოებელს იმპორტში აღარ უწევს ძვირის და თან ვალუტის გადახდა და არც კურსის ცვალებადობაზეა მისი ხარჯები დამოკიდებული. მომხმარებელი კი იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით უფრო ხელსაყრელ ფასს იხდის ადგილობრივი წარმოების პროდუქციაში.
ამის ერთი კარგი მაგალითია ადგილობრივი წარმოების ჩიფქსი „ფრიქსი“, რომელიც არამარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც წარმატებით იყიდება. შესაფუთი მასალების იმპორტირება აქამდე კომპანიას ევროპიდან, კერძოდ პოლონეთიდან უწევდა. ახლა კი უკვე საქართველოში, კომპანია „კოლორში“ ამზადებენ. კიდევ არაერთი ქართული წარმოება: „მაკნატუნა“, “კომფორტი“, „ფრეკო“, „ნაბეღლავი“, „კრიალა“, „იფქლი“ “სოფია”, „ფუდსერვისი“ და სხვები პროდუქციას საბოლოო სასაქონლო სახეს „კოლორში“ დაბეჭდილი შესაფუთი მასალების საშუალებით აძლევენ.
როგორც „კოლორის“ კომერციული დირექტორი, მარიამ მუხიგული „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანიაში დანერგილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიები. შესაბამისად, უკვე ნებისმიერ მწარმოებელს შეუძლია რბილი შეფუთვის მასალების იმპორტირების ხარჯი შეამციროს და ანალოგიური ხარისხის მომსახურება საქართველოში მიიღოს. ამ ახალი ინვესტიციების განხორციელებაში და სტანდარტების დანერგვაში სტამბა „კოლორს“ როგორც პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, ასევე EBRD-ი დაეხმარა.
„დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეტიკეტების შემდეგ, უკვე რბილი შეფუთვის მიმართულებითაც ყველაზე მაღალ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ. ასე რომ, ევროპული ხარისხის პროდუქციის მიღება კომპანიებს საქართველოშიც შეუძლიათ, რაც მათ შესაფუთი მასალების იმპორტისა და განბაჟების ხარჯს მნიშვნელოვნად შეუმცირებს. ამავდროულად, არ გვაქვს მასალის შეზღუდვა, ნებისმიერი რაოდენობის პროდუქტის დამზადება შეგვიძლია და რაც მთავარია, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით, ვართ დროში ძალიან მოქნილები. იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიღწევა არ არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ავაწყვეთ სერვისი, როცა დამკვეთს ადგილიდან გასვლაც არ სჭირდება, ტელეფონით (568 001 144) ან იმეილით უკავშირდება ჩვენს სერვისის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სრულ კომფორტს დამკვეთისთვის, დიზაინის დამზადებიდან, უკვე დაბეჭდილი მასალის ადგილამდე მიტანის ჩათვლით“,- აღნიშნავს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მარიამ მუხიგული.
ქრისტინე გამთენაძე