„ვოლვოს“ მომავლის გამწევი კომპაქტური და ავტონომიურია

კომპანია „ვოლვო ტრაქსმა“ შეიმუშავა ელექტრული გამწევი მანქანა, სახელწოდებით „ვერა“, რომელიც არსებულ ინფრასტრუქტურასთან და სატვირთო პლატფორმებთან თავსებადია.

„ვერა“ ძალიან კომპაქტურია და უჩვეულო გარეგნობით გამოირჩევა. მას არ აქვს სალონი და ჩვეულებრივი მართვის სისტემები.

ეს არის ავტონომიური მანქანა, რომელიც ღრუბლოვან სერვისს უკავშირდება და ყველა საჭირო ინფორმაციას მისგან იღებს. გარდა ამისა, შეუძლია მუდმივად გააანალიზოს გზებზე არსებული ვითარება და სანტიმეტრების ცდომილებით განსაზღვროს საკუთარი ადგილმდებარეობა.

„ვოლვო“ აცხადებს, რომ მსგავსი ავტონომიური გამწევების გამოყენება მისწრება იქნება ისეთ ლოჯისტიკურ ცენტრებს შორის რეგულარული რეისებისთვის, რომელთა შორისაც შედარებით მცირე მანძილია. ნულოვანი გამონაბოლქვის გარდა, „ვერას“ დადებით თვისებათა შორისაა დიდი ტვირთამწეობა და მცირე ხმაური. თანაც, ასეთი გამწევებით ტვირთის ღამით გადატანა პრობლემა არაა.

ღრუბლოვან სერვისთან დაკავშირებულ „ვერას“, სატრანსპორტო ცენტრში შეუძლია ისეთი ინფორმაციის გადაცემა, როგორიცაა საკუთარი სიჩქარე, მდებარეობა, ტვირთის ადგილზე მიტანის დრო, ელემენტების ბლოკში დარჩენილი ენერგიის მოცულობა და სხვა. ამგვარად, ადვილად კონტროლირებადი გახდება ტვირთების კონტროლი, რაც კომპანიებს პროდუქციის რეზერვების შემცირების საშუალებას მისცემს.

მერაბ ლორთქიფანიძე