გერმანიის უმსხვილესი ბანკი Deutsche Bank-ი აპირებს ლონდონიდან ფრანკფურტში გადაიტანოს 450 მილიარდი ევროს აქტივები, რაც განპირობებულია ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან გაზრდილი წნეხით, რომელიც თავის მხრივ, ნაკარნახევია „ბრექსიტით“, - წერს გამოცემა Financial Times.
გაზეთის ინფორმაციით, ევროპის ცენტრალური ბანკი დაჟინებით მოითხოვს, რომ Deutsche Bank-მა 75%-ით შეამციროს მისი აქტივები დიდ ბრიტანეთში, რათა მისი ლონდონის ფილიალი შესაბამისობაში იყოს იმ კრიტერიუმებთან, რომელიც განსაზღვრავს ევროპული ბანკების ფილიალების წესს მესამე ქვეყანაში. ასეთ მესამე ქვეყნად კი დიდი ბრიტანეთი გადაიქცევა მას შემდეგ, რაც ის დატოვებს ევროკავშირს 2019 წლის მარტში. როგორც ცნობილია Deutsche Bank-ის აქტივების მოცულობა ლონდონში 600 მილიარდია.
მანამდე კი „ინგლისის ბანკმა“ აცნობა ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან ისე გამოსვლა, რომ არ მოხდეს „ბრექსიტის“ პირობების შეთანხმება ბრიუსელთან, გამოიწვევს ძალიან დიდ ნეგატიურ გავლენას ბრიტანეთის ეკონომიკაზე.
კოკა კვირკველია