სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო მთავრობის მიერ შექმნილი სუბიექტი გახდა

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო ხელახლა – ამჯერად მთავრობის დადგენილებით იქმნება.

აღნიშნული უწყება პრეზიდენტის 2006 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამონაცვლე ხდება.

მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლს კვლავ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განახორციელებს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი კი, რომელსაც სააგენტოს ახალი დებულების დამტკიცება დაევალა, სააგენტოს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით დანიშნავს.

საუბარია სსიპ-ზე, რომლის მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს: სამთავრობო რეზიდენციებში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა უზრუნველყოფა მათი საქმიანობისათვის საჭირო, საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი პირობებით; გადაცემული ქონების მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა, კეთილმოწყობა, რეკონსტრუქცია, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარება; საინვესტიციო პროგრამებისა და მშენებლობის საინვესტიციო პროექტების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; სამთავრობო დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების, მათ შორის, საზღვარგარეთიდან ჩამოსული პირების მომსახურება საჭიროების შემთხვევაში; სახელისუფლებო დაწესებულებათა წარმომადგენლების, ასევე სააგენტოს მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი კონტინგენტის მიღება და სათანადო მომსახურება; სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალებით სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობასთან დაკავშირებული ობიექტების აღჭურვა, კეთილმოწყობა, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარება და სერვისული მომსახურება.

წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლი ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნებოდა, თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სააგენტოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარება იყო.