სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტს ლევან სურგულაძე დაიკავებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია.
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე საჯარო კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა, სულ შევიდა 70 განაცხადი.
„შემოსული განაცხადებიდან კონკურსის ფინალური ეტაპისთვის სამეთვალყურეო საბჭომ 8 კანდიდატი შეარჩია - მათ 14 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საბჭოს წევრებთან გასაუბრება გაიარეს. სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცა. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აღნიშნა, მისი თანამდებობაზე დანიშვნისას მთავარი ფაქტორები იყო - პროფესიონალიზმი, მდიდარი სამუშაო გამოცდილება და ამ პოსტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები“, - აცხადებენ სამინისტროში.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე ვაკანსია ფინანსთა სამინისტრომ წინა თვეში გამოაცხადა. განცხადების თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო - 10 000-დან 15 000 ლარამდე იყო განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე ლევან სურგულაძე სს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა. ჯგუფი 2014 წელს ქართველი და ამერიკელი პარტნიორების მიერ დაფუძნდა და ჰოლდინგური ტიპის გაერთიანებას წარმოადგენს. ჯგუფის წევრი კომპანიებია: „კავკასუს პეინტს“; „კავკასიის ავტოიმპორტი“; „კავკასიის ავტოსერვისი“; „კაუკასუს აუტო ექსჩეინჯ“; „კავკასიის საესქსპედიტორო კომპანია“; „კაუკასუს კრედიტი“; „კაუკასუს ფაინენშიალ სერვისის“; “CFS Legal გულედანი და პარტნიორები”; „კაუკასუს რეალ ესთეით“ და „ომიკრონსოფტ“. ეს კომპანიები სხვადასხვა ბიზნეს სექტორში წარმატებით მუშაობს. მათ შორისაა ავტომობილების იმპორტი, საპორტო და სატერმინალო მომსახურება, საავტომობილო საბაჟო ტერმინალების და საწყობების ოპერირება, რეგიონალური და საერთაშორისო გადაზიდვები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა, ბიზნეს და სამოქალაქო სამართალში იურიდიული მომსახურება, უძრავი ქონება და ა.შ.
ამასთან, რეესტრის მონაცემებით, სურგულაძე ფლობს რამდენიმე კომპანიის წილს. კერძოდ, სურგულაძის საკუთრებაშია: შპს „კავკასიის ავტოსერვისის“ 28.335%-იანი; შპს „კაუკასუს პეინტსის“ 25% -იანი და შპს „კაუკასუს რეალ ესთეითის“ 28.335%-იანი წილები.