თბილისის მერიამ დედაქალაქში რამდენიმე ტერიტორიის სამომავლო განვითარების შესწავლის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.
კერძოდ, საუბარია, ვარკეთილის III მასივის, ელიავას ბაზრობისა და მიმდებარე ტერიტორიის, „აკადემ“ ქალაქის, დოლიძე-ხილიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიისა და ორთაჭალის ბაღების ჩარჩო გეგმების შემუშავებაზე.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 300 000 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ჩარჩო გეგმების საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზანია დედაქალაქში განსაზღვრული ტერიტორიებისთვის ჩარჩო გეგმების მომზადება საპროექტო ტერიტორიების სივრცით-გეგმარებითი განვითარების მიმართულებების და ძირითადი რეგულაციების განსაზღვრის მიზნით. თითოეული ჩარჩო გეგმის შემუშავების გეგმა-გრაფიკი უნდა შედგებოდეს ორი ძირითადი ეტაპისაგან: I ეტაპი წინასაპროექტო კვლევა და ხედვა (არაუგვიანეს 180 კალენდარული დღისა); II ეტაპი საპროექტო წინადადება (არაუგვიანეს 365 დღისა).
„ელიავას ბაზრობა და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტები ტვირთავს და აფერხებს საგზაო მოძრაობას, იგნორირებულია მდინარესთან კავშირის შესაძლებლობა, არსებულ სარეკრეაციო სივრცეებს დაკარგული აქვს თავდაპირველი ფუნქცია, აღინიშნება ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურების მაღალი რისკები რაც ასევე საფრთხეს უქმნის ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ჯანმრთელობას.
ვარკეთილის III მასივის ტერიტორია განაშენიანებულია ე.წ „ხრუშოვკის“ ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ავარიულია. საპროექტო არეალის საცხოვრებელი ფონდი საჭიროებს ფიზიკურ გაჯანსაღებას, და ამასთან, პრიორიტეტულია მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნება.
ე.წ. აკადემქალაქი მოიცავს ტერიტორიას გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შორის. აკადემქალაქი საბჭოთა ქალაქთმშენებლობითი პროექტის პოსტ-საბჭოთა ქაოტური ტრანსფორმაციის და რადიკალური გამჭიდროვების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია თბილისში. აკადემქალაქის ტერიტორიაზე პრაქტიკულად აღარაა სარეკრეაციო და საჯარო სივრცეები და სოციალური ინფრასტრუქტურა, რაც მძიმედ აისახება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე და ურბანულ გარემოზე. ტერიტორიის მიმართ დეველოპერების ინტერესი კვლავაც დიდია. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ არეალში საცხოვრებელი სიმჭიდროვე ორჯერ აღემატება ქალაქის საშუალო მაჩვენებელს, არსებული ავარიული ფონდის გათვალისწინებით, სიმჭიდროვის შემდგომი ზრდა კვლავაც დგას დღის წესრიგში.
ორთაჭალის ბაღების ტერიტორია დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას წარმოადგენს სადაც ნაკვეთების უსისტემო ქაოტური რეგისტრაცია კვლავაც გრძელდება. ტერიტორია არ არის აღჭურვილი სათანადო საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურით, არ არის საბავშვო ბაღები და სკოლები და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები. ტერიტორია „მოწყვეტილია“ ქალაქის ერთიანი ურბანული ქსოვილისგან საქალაქო მნიშვნელობის მაგისტრალით და დამოუკიდებელი ერთეულის სახით არის წარმოდგენილი ქალაქის სტრუქტურის შიგნით.
დოლიძე-ხილიანის ტერიტორიის დიდი ნაწილი ისტორიულად ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან და ძირითადად ათვისებული იქნა დაბალ სართულიანი საკარმიდამო საცხოვრებელი სახლებით. უკვე 1960 იანი წლებიდან განხორციელებული მსხვილი ქალაქთმშენებლობითი პროექტების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა და დღევანდელი კონფიგურაცია მიიღო დოლიძისა და ხილიანის ქუჩებმა. თუმცა არ მომხდარა არსებული ისტორიული განაშენიანების სრული ჩანაცვლება,“-აღნიშნულია დოკუმენტაციაში.