ირანი - ნავთობის ბაზარი საუდის არაბეთის და რუსეთის „მძევალია“

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში (OPEC) ირანის წარმომადგენელი, ჰოსეინ კაზემპურ არდაბილი ამბობს, რომ საუდის არაბეთს და რუსეთს, ნავთობის საერთაშორისო ბაზარი „მძევლად ჰყავთ აყვანილი“.

საუდის არაბეთი და რუსეთი ცდილობენ, ნავთობის ბაზარზე დეფიციტი დააბალანსონ. ეს იმ ფონზე ხდება, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე სანქციები განაახლა და ცდილობს, რომ ნოემბრიდან ირანის ნავთობის ექსპორტი საერთოდ შეწყდეს. პარალელურად, OPEC-ის წევრებს და სხვა ნავთობექსპორტიორებს, მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდებს, რათა ფასის უკონტროლო ზრდა გამორიცხოს.

„რუსეთი და საუდის არაბეთი, ნავთობის გლობალური ბაზრის დაბალანსებას ცდილობენ, მაგრამ ამით ისინი ირანის წილს იკავებენ. აშშ-ის მცდელობამ, გარიყოს ირანი გლობალური ბაზრიდან, რუსეთს და საუდის არაბეთს ბაზრის მძევლად აყვანის საშუალება მისცა“, - აცხადებს ჰოსეინ კაზემპურ არდაბილი.

მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს ირანის ნავთობის ექსპორტის სრულად შეზღუდვა ძალიან გაუჭირდება, რადგან საერთაშორისო ბაზარი დეფიციტურია და რომ სხვა მწარმოებლები ირანის ბაზრიდან გასვლით გამოწვეულ დეფიციტს სრულად ვერ აანაზღაურებენ. არდაბილი დასძენს, რომ მოსკოვის და ერ-რიადის ქმედება, OPEC-ის ავტორიტეტს დააზარალებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნავთობის ექსპორტიორებს მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდებს, რათა ფასები შემცირდეს. ამის პასუხად, OPEC-მა წარმოების გაზრდა გადაწყვიტა. მაგრამ საინტერესოა, რომ ამის ფონზე, საუდის არაბეთმა მიწოდება დაგეგმილზე ნაკლები მოცულობით გაზარდა.

მერაბ ლორთქიფანიძე