მზადდება კანონპროექტი, რომლის თანახმად, შესაძლოა მარცხენასაჭიანი ელექტრო მიკროავტობუსები და ავტობუსები სრულად გათავისუფლდეს დღგ-სგან, ხოლო მარჯვენასაჭიანები დაიბეგროს,- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
დეპუტატმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა კანონის პროექტი, რომლის თანახმად, ელექტროძრავიანი ავტობუსების (მათ შორის, მიკროავტობუსების) იმპორტი და მიწოდება გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.
კომიტეტზე დაინტერესდნენ, როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი მარჯვენა და მარცხენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით.
„ვამზადებთ ცალკე კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც უპირატესობა ექნება მინიჭებული მარცხენასაჭიან ავტომობილებს, რათა მარჯვენასაჭიანის შემთხვევაში ჩვეულებრივად გაგრძელდეს მათი დაბეგვრა, ხოლო მარცხენასაჭიანი ელექტრომანქანები სრულად იქნება გათავისუფლებული. ამ კანონპროექტს ვამუშავებთ და მალე იქნება წარმოდგენილი. თავის დროზე, როცა ელექტრომობილებთან დაკავშირებით კანონი მივიღეთ, ძალიან დიდი რაოდენობის მარჯვენასაჭიანი ავტომობილები მოაწყდა, რაც თავის დროზე შევზღუდეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ როცა ავტომობილები შემოვა, საჭიროა დარეგულირდეს. აქ საუბარია არა ეკოლოგიაზე, არამედ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა კუჭავამ.
ინიციატივა გააკრიტიკა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ, რომლის თქმით, ვერ დასტურდება, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები საფრთხის შემცველია.
„ერთი ხელით გსურთ წაახალისოთ ელექტრომანქანების შემოყვანა გარემოს დაცვითი ეფექტიდან გამომდინარე და მეორე წუთს გაგახსენდათ მოწოდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე და გინდათ ეს შეზღუდოთ, რადგან უფრო იაფია და ადამიანებმა დაიწყეს მისი შემოყვანა. ამ გადაწყვეტილებით ზრდით, თუ ამცირებთ ელექტრომანქანების შემოყვანას? მარჯვენასაჭიანებზე არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ, რომ საფრთხის შემცველია, დაივიწყეთ მარჯვენა საჭე ცოტა ხანი, შემოიყვანონ“, - მიმართა ბოკერიამ კუჭავას, რაზეც უმრავლესობის წევრმა უპასუხა, რომ არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმად, როცა საქმე ეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, საფრთხის, მათ შორის ავარიის რისკი მეტია.
ბოკერიამ კუჭავას კონკრეტული სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვა, რაზეც კუჭავამ აღნიშნა, რომ როცა კანონპროექტს წარადგენს, ყველაფერზე, მათ შორის სტატისტიკაზე მერე ისაუბრებს.
„სტატისტიკა არ არის, უბრალოდ განწყობა გაქვთ ასეთი. ხალხმა იპოვა გამოსავალი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი შემოყავთ იაფად, რაზეც თქვენი ინსტიქტი არის, რომ შეზღუდოთ“, - მიმართა ბოკერიამ კუჭავას.