„გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე“ კონვენციით განსაზღვრული საკითხები კანონმდებლობაში აისახება

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, პირველი მოსმენით კანონპროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევი კანონპროექტებით განიხილეს.

პარლამენტის წევრების კახა კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანისა და გელა სამხარაულის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის წევრებს ერთ-ერთმა ავტორმა, ზაზა ხუციშვილმა წარუდგინა და კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო.

ზაზა ხუციშვილის ინფორმაციით, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავების მიზანს „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” კონვენციით (CITES) განსაზღვრული საკითხების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა წარმოადგენს, რომლებიც დღემდე მინისტრის ბრძანებით რეგულირდებოდა.

საქართველო, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად, ვალდებულია, ეფექტურად დანერგოს მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებები. მათ შორის არის „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” კონვენცია (CITES).

„შესაბამისად, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებშიც შედის. ამ ცვლილებების მიხედვით, შეიძლება დადგეს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდების, მისი ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობის, აგრეთვე ამ სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის მიმართ.

კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტებს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე ასევე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, ცვლილების ძირითადი არსი ისაა, რომ დღგ-საგან გათავისუფლდეს საქართველოში წარმოებული ნატურალური რძე და ამავე რძისაგან წარმოებული რძის ნაწარმი. მომხსენებლის განცხადებით, ეს ინიციატივა არის სამთავრობო პროგრამის ნაწილი და იგი სტიმულს მისცემს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, იმის გამო, რომ წარმოდგენილი ცვლილებით დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება საქართველოში წარმოებული ნატურალური რძის და რძის ნაწარმის მიწოდება, წინასწარი ინფორმაციით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს წლიურად, შესაძლებელია, 35 მლნ. ლარი დააკლდეს.

კომიტეტის წევრების განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ კარგი ინიციატივაა, მნიშვნელოვანია რომ ხელი შეეწყოს დარგის განვითარებას, მაგრამ წარმოდგენილი ინფორმაციით არ ჩანს, მიმწოდებლისა და მწარმოებლის გარდა, მომხმარებელი თუ მიიღებს სარგებელს.

საბოლოოდ, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით დამატებითი კონსულატაციები გამართონ.