„რეზონანსი" - მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარს განგებ აუფასურებენ

ეროვნული ბანკი ლარს ხელოვნურად აუფასურებს.

იმის ნაცვლად, რომ კურსის ვარდნის პროცესი შეაჩეროს და შესაბამისი ზომები მიიღოს, სებ-ი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ეჭვგარეშეა, ცენტრალური ბანკი და მთავრობა შეთანხმებულად მოქმედებენ და ლარს გამყარების შანსს არ უტოვებენ. საფინანსო ბაზრის წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ეს არის მოსახლეობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ ლარის კურსზე სპეკულაციური ფაქტორის გავლენაც იგრძნობა. (დევალვაცია მოსახლეობის ცხოვრების დონეზე უმძიმესად აისახება, რადგან სწორედ ლარის კურსს უკავშირდება საწვავსა და საკვებზე, განსაკუთრებით კი პურზე ფასის ზრდა, რაც სოციალურ ფონს უკიდურესად ამძიმებს).

დღესდღეობით უამრავი მიზეზია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ლარის კატასტროფული გაუფასურება ხელოვნურად ხდება. ამ ეჭვს აღრმავებს ისიც, რომ ბრუნვიდან იღებენ დოლარს და აცლიან ბაზარს. წინა პარასკევს, 14 აპრილს, სებ-მა 5 მილიონი დოლარი ამოიღო, როცა პირიქით, ბაზრისთვის დოლარი უნდა მიეწოდებინა. შედეგიც შესაბამისია – დღეს კურსი 2,62-მდე მივიდა. კარგა ხანია, რაც ეს ნიშნული ბიუჯეტში დაგეგმილ მაჩვენებელს (2,50) გადასცდა.

უცნობია, ეროვნული ბანკი რა პრინციპით მართავს პროცესებს, მით უმეტეს მაშინ, როცა მიმოქცევაში ფულის მასა ძალიან გაზრდილია. ცხადია, ამ მასის კონტროლი შეუძლიათ მხოლოდ სებ-ს და მთავრობას, მაგრამ ამასაც არ აკეთებენ და არ ამკაცრებენ მონეტარულ პოლიტიკას. ყველაფერი ეს მოასწავებს, რომ ლარის გაუფასურება მიზანმიმართულად ხდება.

ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე „ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ ლარზე დიდია ხელოვნურად ჩარევის მცდელობა, რაც მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინაციის შედეგად ხდება.

„კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი და მთავრობა შეთანხმებულად მოქმედებენ. მათ აქვთ კოორდინაცია, რაც სებ-ის ინტერვენციებში კარგად ჩანს და ამ უწყებების განცხადებებითაც დასტურდება. როცა პრემიერი ამბობს, რომ პროფესიონალიზმისთვის ეროვნულ ბანკს მადლობას უცხადებენ, ესეც მათ შეთანხმებულ ქმედებაზე მიგვანიშნებს.

ვხედავთ, რომ ფუჭდება სიტუაცია, თან ერევიან ამ პროცესებში და გვეუბნებიან, რომ არ შეგვეშინდეს! სებ-სა და მთავრობას შორის კოორდინაცია ნამდვილად არის, მაგრამ არასწორ დროს არასწორ ინტერვენციებს ახორციელებენ. ამას საბოლოოდ ცუდი შედეგი მოაქვს", - აღნიშნავს ბერძენაძე და დასძენს, რომ ლარის გაუფასურებაზე დამატებით სპეკულაციური მომენტიც მოქმედებს.

„ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის დოლარის ნაკლებობა ეკონომიკაში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ექსპორტი შემცირებულია, ინვესტიციები შეფერხდა და გზავნილების მოცულობაც არ არის შესამჩნევად გაზრდილი. რეალურად ჩვენი ეკონომიკა განიცდის დოლარის შიმშილს, შესაბამისად, ძვირდება ეს ვალუტა და ლარი უფასურდება. ამ პროცესს ისიც ემატება, რომ კურსზე მიზანმიმართულად ხდება ხელოვნური ჩარევა და ამით ქვეყანა ზარალდება.

ფასები მატულობს და ეს ისევ და ისევ მოქალაქეების თავსატეხია, რამდენადაც ცხოვრების დონე უარესდება. რატომღაც ხდება, რომ კურსის მცირედი გამყარების დროს ვზეიმობთ და ეროვნული ბანკის დამსახურებას „ვაღიარებთ", მაგრამ როგორც კი საპირისპირო ტენდენცია იწყება და ლარი უფასურდება, ყველა ჩუმადაა.

ახლა, როცა კურსი 2,62-ს აღწევს, ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოს მისი დაჭერა საერთოდ შეუძლებელი გახდება. ველოდები, რომ კურსი საბოლოოდ 2,75-ს მიაღწევს, ესეც კარგ შემთხვევაში, მაგრამ თუკი სპეკულაციური რისკი გაიზარდა და რეგიონში არასახარბიელო ტენდენცია წავა, ლარი გაცილებით მეტად გაუფასურდება", - ამბობს ბერძენაძე.

რაც შეეხება სებ-ის ინტერვენციებს, მისი თქმით, სწორედ დოლარის მასის ბრუნვიდან ამოღება გახდა საფუძველი, რის გამოც ბოლო დღეებში მიმდინარე ტენდენციის შეჩერება ვერ მოხერხდა და ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა.

„თუ 5 მლნ დოლარის ამოღება კურსზე ასეთ ნეგატიურ შედეგს ახდენს, ფაქტია, რომ ეკონომიკა ძალიან მძიმე დღეშია. ყველაფერს ართულებს ისიც, რომ კომერციული ბანკების მონაწილეობით ლარზე სპეკულაცია გრძელდება. „ბლუმბერგის" დინამიკას თუ გადავხედავთ, საკმაოდ მყისიერი ცვლილებაა კურსზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ლარზე სპეკულაციური ფაქტორიც მოქმედებს.

ცხადია, ზარალდება ბიზნესიც, რომელიც საგადასახადო წნეხის ქვეშაა. ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ინფლაციაზე არიან პასუხისმგებელი, მაგრამ თუ ასეა, მაშინ გაუფასურებულ ვალუტას რა პოზიცია უკავია ინფლაციურ პროცესში? შესაბამისად, უნდა მოხდეს იმის იდენტიფიცირება, ვინ იღებს ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას", - აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან" ბერძენაძე.

სავალუტო კრიზისის მიმართ განსხვავებული პოზიცია აქვს ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილს, რომელსაც რატომღაც უჭირს დადასტურება, რომ ლარზე ხელოვნურად ახდენენ ზემოქმედებას, თუმცა ფაქტს არც ის უარყოფს.

„სწორედ იმისთვისაა ეროვნული ბანკი, რომ ზომები დროულად მიიღოს. კურსი მისი ნორმალური მაჩვენებლიდან თუ განსაკუთრებულად გადაიხრება, უნდა ჩაერიოს კიდეც. მით უმეტეს მაშინ, როცა მის გამყარებას ეკონომიკური ფაქტორი ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მოლოდინია ისეთი, რომ შემოდგომიდან დაწყებული, კურსი უფასურდება და საზოგადოება ელის კიდეც, რომ დევალვაციის პროცესი გაგრძელდება. თუმცა ეკონომიკურ პარამეტრებს თუ გადავხედავთ, წელს გაუმჯობესება შეიმჩნევა რამდენიმე მიმართულებით, გარდა საგარეო ფაქტორისა, რომელიც იმპორტის ზრდას უკავშირდება.

როგორც ვიცით, პესიმისტური სცენარით, ლარი 2,70-მდე შეიძლება გაუფასურდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბევრი რამ ცენტრალურ ბანკზეა დამოკიდებული. თუ დაინახავენ, რომ კურსი კიდევ უფრო უფასურდება, უნდა ჩაერიონ კიდეც.

ცხადია ისიც, რომ ჩვენნაირი პატარა ეკონომიკის პირობებში თავისუფალ მცურავ რეჟიმზე ვერ იქნება კურსი, სებ-ის ინტერვენციები ამ თვალსაზრისით ჩემთვის მიუღებელი არ არის. ის სისტემა, რითაც დგინდება კურსი, მსხვილ მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, რომ კურსზე ზეგავლენა მოახდინონ, თუმცა რეალურად რამდენად უშვებს ამას სებ-ი, ცალკე საკითხია. იფორმაცია დაფარულია, რაზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება.

საბოლოო ჯამში, არ ველოდები, რომ კურსი კიდევ უფრო გაუფასრუდება. მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური ფონია და პროგნოზიც არასახარბიელოა, ჩემი აზრით, წლის ბოლომდე კურსი არსებულ მაჩვენებელზე შენარჩუნდება", - ვარაუდობს ჯანიაშვილი.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"