ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც ხორბლის სახმელეთო იმპორტის აკრძალვას ეხება, გააძვირებს პურის ფასს,- ამის შესახებ ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების მძღოლების აქციის მონაწილემ ლაშა ნასარიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისი თქმით, ამ ბიზნესში ჩართულია სულ ცოტა 10 000 ადამიანი, რომლებიც უსახსროდ რჩებიან. მისივე ინფორმაციით, ხორბლის საზღვაო იმპორტი ხარჯებს მნიშვნელოვნად გააძვირებს.
"სულ ცოტა 10 000 ადამიანია ამ ბიზნესში ჩართული და ამით იღებენ შემოსავალს. ეს ხალხი დარჩება ყოველგვარი შემოსავლის გარეშე და ყველაზე ცუდი რაც არის, დარჩება ვალით. ძალიან ბევრს ბანკიდან აქვს სესხი გამოტანილი, იმით აქვს ნაყიდი მანქანა და ამუშავებს. ახლა ეს ხალხი განწირული რჩება არაფრის გამო.
გარდა ამისა, სახმელეთო გადაზიდვა ყველაზე მოკლე და ყველაზე იაფი გზაა საქართველოში ხორბლის იმპორტისთვის. პირდაპირ ფერმებიდან წისქვილ-კომბინატამდე მხოლოდ ერთი გზით მიდის ხორბალი. შემდეგში, მინისტრის ბრძანების მიხედვით, ხორბლის შემოტანა მოხდება ან გემით, ან რკინიგზით. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთთან რკინიგზის მიმოსვლა არ გვაქვს. უნდა მოხდეს ჯერ საზღვაო პორტებამდე ხორბლის ჩატანა. შემდეგ უნდა მოხდეს გადატვირთვა და გემით საქართველოში ტრანსპორტირება. საქართველოს პორტიდან კი უნდა მოხდეს რკინიგზით ტრანსპორტირება. ჩემი ინფორმაციით, რკინიგზას ამისთვის არ გააჩნია საკუთარი ვაგონები. ეს ხარჯებს სულ მცირე 350%-ით გააძვირებს. ახლა 1 ტონა ტვირთის გადაზიდვა თუ 100 ლარის ფარგლებშია, შემდეგ ჩემი დათვლით, გახდება 350 ლარი.
ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ხარჯის გაზრდასაც. ჩვენ საქართველოში ვერ მოგვყავს იმდენი ხორბალი, რომ ჩვენი თავი გამოვკვებოთ,"- განაცხადა ლაშა ნასარიძემ.
მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრისგან გადაწყვეტილების რეალური მიზეზი ვერ მოისმინეს. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზად ტურიზმის შეფერხება გამოცხადდა, რაც მათი თქმით, აბსურდია.
"რა არის ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მინისტრისგან პასუხი ვერ მივიღეთ. მოვისმინეთ აბსურდული მიზეზი, რომ შესაძლოა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხორბლის სახმელეთო იმპორტმა ტურისტს პრობლემა შეუქმნას. ეს ტურიზმთან არანაირ კავშირში არ არის იმიტომ, რომ ტურისტი სხვა გასასვლელით გადის, ხოლო სატვირთო სხვათი. ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა არანაირი სახელმწიფოებრივი საფუძველი. აქ სხვა ინტერესებია,"- განაცხადა ლაშა ნასარიძემ.