გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით გასული კვირის შედეგებს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით გასული კვირის შედეგებს აქვეყნებს.უწყების  ცნობით, გასული კვირის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი გრძელდებოდა ავტომატური სადგურების საშუალებით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ატმოსფერულ ჰაერში ისაზღვრებოდა რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები, რომელთა შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა მყარი ნაწილაკებისა (PM10) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა.

„11 და 12 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 13 სექტემბერს მხოლოდ თბილისში ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში აღინიშნა კონცენტრაციების მცირედი მატება. 14 სექტემბერს დედაქალაქში განთავსებულ სამ ავტომატურ სადგურზე: ყაზბეგის გამზირზე, წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში, ასევე ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე აღინიშნა PM10-ის კონცენტრაციების 1,1-1.2-ჯერ ნორმაზე გადაჭარბება, რაც გამოწვეული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით. 15 სექტემბერს სინოპტიკური სიტუაციის გაუმჯობესების შედეგად PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე 1,1-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში, ხოლო 16 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა ისევ ნორმის ფარგლებში იყო. 17 სექტემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციები მხოლოდ ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ აღემატებოდა ნორმას. 18 სექტემბრის 13:00 საათის მდგომარეობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.